ვლადიმერ ბედუკაძის ცემა

"ერთით ნულია, მაგრამ ჩემი რიგია" - ბედუკაძე თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს

ტვ პირველი

ციხის კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე მასზე თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს.

ის ტელეკომპანია პირველთან ამბობს, რომ უთვალთვალებდნენ. ამავდროულად, მისივე თქმით, თავდამსხმელი მანამდე არ შეუმჩნევია და დღეს ნახა პირველად. ბედუკაძე ამბობს რომ შემთხვევა დღეს, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა.

"მოვიდა მოქალაქე და მითხრა, რომ მე და ჩემმა თანამშრომლებმა განვახორციელეთ რომელიღაც მოქალაქის მკვლელობა, მოვკალით. ვუთხარი სისულელეა ეს, წავიდეთ ხატთან დავიფიცოთ, მამაოსთან მივიდეთ. დაიწყო უშვერი სიტყვებით გინება, არც მამაო აინტერესებდა, არც ოცნება, დაიწყო გინება ოცნების, ივანიშვილის, ჩემზე გადავიდა და დამარტყა. [...] შემთხვევას ველოდი. გარკვეული პერიოდი ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ, მქონდა ინფორმაცია გარკვეულ ეტაპზე. ვიცოდი, რომ გააქტიურდებოდა ნაციონალური მოძრაობა საამისოდ. ასევე, ველოდი ვაშაძის დაპირების, მუქარის ასრულებას ჩემი მისამართით. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ვაშაძის დაპირებას გადავრჩი, შუბლის გახვრეტასთან დაკავშირებით, გახსოვთ ალბათ მისი ვიდეო", - ამბობს ბედუკაძე.

კითხვას, უკავშირებს თუ არა მომხდარს ციხის კადრებს, ბედუკაძე პასუხობს:

"კი, რა თქმა უნდა. ნაცმოძრაობას სურს საგაზაფხულოდ საბოლოოდ ჩამოირეცხოს ე.წ. ციხის კადრებისგან მიყენებული ლაქა".

რაც შეეხება თავდამსხმელის ბრალდებას მკვლელობასთან დაკავშირებით, ბედუკაძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა "ბუნებაში არ ყოფილა" და ჯგუფურ გარჩევებში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, თავდამსხმელი ვერ ასახელებდა ადამიას, ვინც გარდაიცვალა.

ბედუკაძემ ასევე თქვა, რომ ერთით ნულია და ახლა მისი რიგია.

"არაფერიც არ მცემეს. ერთით ნულია, მაგრამ ჩემი რიგია. მე ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ...", - თქვა ციხის კადრების ავტორმა.

ბედუკაძის ცემის საქმეზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები