თიბისი ბანკის საქმე

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს

თიბისი ბანკის ცნობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ბანკი საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

 



ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის 13 თებერვლის სხდომაზე მიიღეს. ეროვნული ბანკი ასევე ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის აუქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მიეცა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. მათივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერი საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში. 

"ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს,"- წერია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

9 იანვარს თიბისი ბანკში პროკურატურა შევიდა და გამოძიების ფარგლებში "გარკვეული სახის დოკუმენტები" ამოიღო. უწყება ჯერჯერობით არ პასუხობს კითხვას, რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და რა ინფორმაცია გამოითხოვეს ბანკიდან. 

თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება 2008 წლის "რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას", რომელიც, მათივე თქმით:

"არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;

არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;

ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

"თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები