სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

Bellingcat-მა სკრიპალის მოწამვლაში მონაწილე GRU-ს მესამე აგენტის ვინაობა გაავრცელა

BBC

საგამოძიებო ვებგვერდმა Bellingcat-მა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში მონაწილე რუს აგენტებზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. მათი გამოძიების მიხედვით სკრიპალის მოწამვლის ოპერაციაში GRU-ს კიდევ ერთი აგენტი მონაწილეობდა. ის ბრიტანეთში იმავე დროს, სერგეი ვიაჩესლავოვიც ფედოტოვის პასპორტით ჩავიდა, თუმცა სინამდვილეში დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევია, GRU-ს მაღალი რანგის ოფიცერი, რომელმაც რუსეთის სამხედრო დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

სწორედ Bellingcat-მა ამოიცნო პირველად ალექსანდ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელით მოქმედი GRU-ს აგენტები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც სკრიპალის მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან.

ორშაბათს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბულგარეთი სოფიაში 2015 წელს იარაღით მოვაჭრის მოწამვლასა და სკრიპალის მოწამვლას შორის კავშირს იძიებს, ვინაიდან სერგეი ფედოტოვი ბულგარეთს 3-ჯერ ეწვია, სწორედ იმ დროს, როდესაც ემილიან გაბრევი მოწამლეს.

ის ბრექსითის და კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმებამდეც რამდენიმეჯერ ეწვია ბრიტანეთს და ესპანეთს, კონკრეტულად კი ბარსელონას.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები