შსს

შსს ქუჩური გარჩევის სისხლის სამართლის წესით დასჯას გეგმავს

შსს

საქართველოს ​შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს ქუჩური გარჩევა კრიმინალიზებული გახადოს. მინისტრის მოადგილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლი კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის.

"ზღვარი ქუჩურ გარჩევას და კამათს შორის ძალიან მარტივია - თუ გარჩევა ხდება უკანონო მეთოდების გამოყენებით, ძალადობით, ძალადობის მუქარით, მაგალითად პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით და ასე შემდეგ - ეს დაისჯება სისხლის სამართლის წესით" - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ის განმარტავს, რომ ამ მეთოდების გამოყენება ისედაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით, თუმცა ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაზე მიმართული სპეციალური მუხლი კრიმინალური მენტალიტეტისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტის მიხედვით სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, დამამძიმებელ გარემოებაში კი, მაგალითად, ქუჩურ გარჩევაში არასრულწლოვნის ჩაბმის შემთხვევაში, სანქცია 3 წლამდე გაიზრდება. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.

"სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ არ გვაქვს, რასაც ჰქვია ქუჩური გარჩევები და ამ მიზნით შეკრება, ამ მიზნით შეკრებაში მონაწილეობა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. გვაქვს სხვადასხვა მუხლები, როგორიცაა ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მაგრამ სპეციალური მუხლი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო გამიზნულად ვებრძოლოთ ამ ტიპის დანაშაულს", - თქვა მეზვრიშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ კრიმინალური სამყაროს და ზოგადად, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტია.

"ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ ჩვენ ამ თემაზე საუბარი - უკვე განვახორციელეთ ცვლილებათა 1 პაკეტი  - ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონპროექტი, რომელმაც პრაქტიკაში წარმატებით იმუშავა და 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 5-ჯერ გაიზარდა კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ დევნის დაწყების მაჩვენებელი. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება ამ პოლიტიკის გაგრძელებაა" - ამბობს მეზვრიშვილი.

კომენტარები