თბილისში, გლდანის ციხესთან ძველი სამარხი აღმოაჩინეს. მას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური სწავლობს.
"ახლადგამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს. არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება" - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
გლდანის ციხესთან ძველი სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩამორეცხილ მიწის ფენებში ნახეს. ინფორმაცია არქეოლოგიური ობიექტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს იქვე მცხოვრებმა მოქალაქემ მიაწოდა.