ქართული ჯარი

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა: სამხედროთა კვებით მომსახურებას საფრთხე არ შექმნია

თავდაცვის სამინისტრო

"თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება", - ნათქვამია შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ტენდერი 2019 წლის 1 თებერვალს დასრულდა უარყოფითი შედეგით და გამოცხადდა განმეორებითი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, ეს პროცესი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე უარყოფითად არ ასახულა, რადგან წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ისე გაგრძელდა, რომ კვებით მომარაგების წყვეტას, ადგილი არ ჰქონია.

მათივე განმარტებით, 6 თებერვლის ჩათვლით მიწოდება ხორცილედებოდა კომპანიის მიერ SPA180005561 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რის შემდეგაც გამარტივებული შესყიდვის წესით (ნებართვა SMP190000741) გაფორმდა ხელშკრულება.

"სწორედ, აღნიშნული პროცედურებით დასტურდება თავდაცვის ძალების კვებითი უზრუნველყოფის უწყვეტობა, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტით. გაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტები შესყიდვებთან დაკავშირებით სიახლეს არ წარმოადგენს და ადრეც მომხდარა, თუმცა ეს ჯარზე არასდროს უარყოფითად არ ასახულა.

ბოლოს, გვსურს ყველას მოვუწოდოთ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ჩაიშალა სახელმწიფო ტენდერები, რომლებითაც სამხედრო მოსამსახურეები კვებით უნდა უზრუნველეყოთ.

უგულავა ამბობს, რომ 2019 წლის იანვარში ის ტენდერები ჩაიშალა, რომელიც საქართველოს შეარაღებული ძალების (თავდაცვის სამინისტრო, შსს, სდსს) სურსათით მომარაგებისთვის იყო აუცილებელი. ტენდერების საერთო ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია.

მისივე თქმით, ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტი კვებით მომარაგება დააყენა საფრთხის ქვეშ. ამ საფრთხეს ადასტურებს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის დირექტორი ალექსი ზანდარაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ "საფრთხე შეექმნა სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტ კვებით მომარაგებას, რაც თავის მხრივ, მოქმედებს ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობაზე.

კომენტარები