აშშ

მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად ტრამპი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

დონალდ ტრამპი
Politico

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იმ 8 მილიარდის გამოსათავისუფლებლად, რომელიც მას მექსიკის საზღვარზე დაპირებული კედლის ასაშენებლად სჭირდება.

"მე ვაპირებ ხელი მოვაწერო საგანგებო მდგომარეობის დოკუმენტს, რომელსაც ჩემამდე ბევრმა პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მექსიკის საზღვრიდან ჩვენ ქვეყანაში იჭრებიან ადამიანები ნარკოტიკებით, სხვადასხვა ბანდის წევრები და საქმე გვაქვს ასევე ტრეფიკინგთან", - ამბობს ტრამპი.

გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მთავრობის დახურვით ვერ მოახერხა დემოკრატების დაყოლიება კედლის ასაშენებლად 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, მისთვის უკანასკნელი საშუალება კონგრესისთვის გვერდის ასავლელად სწორედ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გახდა.

დემოკრატების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რომელიც ისეთ შემთხვევებზეა გათვლილი, როგორიც იყო 11 სექტემბრის ტერაქტი, უბრალოდ იმისთვის, რომ შეასრულოს თავის საარჩევნო დაპირება, საგანგაშო პრეცენდენტს დაუდებს საფუძველს.

ამავდროულად, შეშფოთებას გამოთქვამს რესპუბლიკელთა პარტიის ზოგიერთი წევრიც, რომელთა განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მილიარდობით დოლარი მოაკლდება იმ თანხებს, რომელიც კონგრესმა სხვადასხვა მიმართულებაზე უკვე გადაანაწილა, ეს კი საფრთხეში ჩააგდებს კონგრესის ძალაუფლებას.

ცნობისთვის, აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა მთავრობის ხელახალი დახურვის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს, რომელის მიხედვითაც სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1.4 მილიარდი აშშ დოლარი გამიოყოფა, რაც ტეხასში საზღვარზე არსებული მეტალის ღობის დამატებით 90 კილომეტრით გაგრძელებას მოხმარდება. პრეზიდენტი ტრამპი 5.7 მილიარდს ითხოვდა.

კომენტარები