სირია

სირიის დემოკრატიული ძალების მეთაური: სირიაში ISIS მხოლოდ 700 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს

Reuters

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურის თქმით სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამჟამად მხოლოდ 700 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს.

"უახლოეს დღეებში, ძალიან მალე, ჩვენ მთელს მსოფლიოს გადავცემთ კარგ ამბავს, რეგიონის ყველა ხალხს, ქურთებს, არაბებს, ასირიელებს და ყველას, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების აღსასრული დადგა." თქვა ჯია ფურატმა.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ პატარა ქალაქ ბაღუზ ალ-ფავქანიზე შეტევა გასულ კვირას დაიწყეს.

ქალაქი ალყაშია მოქცეული, თუმცა შეტევა დროებით შეაჩერეს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ შორის საკუთარ ცოლებს და შვილებს. სირიის დემოკრატიული ძალები ცდილობენ გაათავისუფლონ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეებიც. უკანასკნელ დღეებში მათ 10 ტყვე დაიხსნეს.

არსებული ინფორმაციით ქალაქში 1,500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტერორისტული დაჯგუფების 500-მდე მებრძოლია.

სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერების თქმით ტერორისტულ დაჯგიფებასთან ბრძოლა ქალაქის აღებით არ დამთავრდება და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯგუფების შემორჩენილ ნაწილებს გაანადგურებენ.

შეგახსნებთ, რომ დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც.

როგორც აშშ-ის, ასევე ბრიტანეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად ე.წ. ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს საფრთხეს და შესაძლოა აშშ-ის ძალების რეგიონიდან გასვლას მათი ხელახალი გააქტიურება მოჰყვეს.

ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ სირიასა და ავღანეთში აშშ-ის ჯარების გამოსვლის შემდეგ ე.წ. ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდებიან, ის სამხედრო ძალებს დააბრუნებს.

კომენტარები