კარლ მარქსი

"ბოლშევიკური ჰოლოკოსტის მემორიალი" - ლონდონში მარქსის საფლავი წითლად შეღებეს

PA

ლონდონში გერმანელი ფილოსოფოსის, კარლ მარქსის საფლავის ქვა წითლად შეღებეს. მემორიალზე გააკეთეს წარწერები "სიძულვილის დოქტრინა", "გენოციდის არქიტექტორი" და "ბოლშევიკური ჰოლოკოსტის მემორიალი 1917-1953".

ბოლო ორი კვირის მანძილზე ეს საფლავის დაზიანების მეორე შემთხვევაა.

თებერვლის დასაწყისში ჰაიგეითის სასაფლაოზე უცნობმა პირმა მარქსის საფლავის ქვა ჩაქუჩით დააზიანა.

მან 1954 წელს აგებულ მონუმენტში ჩაშენებული მარმარილოს ქვიდან, რომელიც მარქსის 1881 წლის საფლავის ორიგინალ ქვას წარმოადგენს, სახელის ამოშლა სცადა.

მარქსის საფლავს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. ვანდალიზმის აქტი დაგმეს ფონდის წარმომადგენლებმა, რომლებიც სასაფლაოს უვლიან.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით სხვა საფლავის ქვები არ დაუზიანებიათ, რაც იმას მიანიშნებს, რომ ეს "გაურკვეველი სახის პოლიტიკური პროტესტია". მისი თქმით საფლავის ქვის ბოლომდე აღდგენა შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს.

კომენტარები