ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა

რუსთავი 2

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზმა, ნიკოლოზ გიგატაძემ, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძე აზიარა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას თავად მამა ნიკოლოზმა დაუდასტურა, რომელიც სპეციალურად დეკანოზ გიორგის საზიარებლად ბათუმიდან დღეს ჩამოვიდა. 

მამა ნიკოლოზი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი თბილისში ჩამოსვლა და დეკანოზის ზიარება, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ განაპირობა. 

"რამდენიმე წუთის წინ გამოვედი, ვაზიარე და ღვთის წყალობით, კარგად იქნება ყველაფერი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა თქმა უნდა, თავისი შედეგი დატოვა იშემიურმა შეტევამ. მარჯვენა ხელს და ფეხს აქტიურად ვერ ამოძრავებს, ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება სრულ რეაბილიტაციას. ამანაც დააჩქარა ჩვენი აქ ჩამოსვლა,"- ამბობს დეკანოზი ტაბულასთან საუბრისას. 

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ხვალ, 17 თებერვალს საპატრიარქოსთან დაგეგმილ აქციას, მამა ნიკოლოზი ამბობს, რომ ვერ დაესწრება, რადგან თბილისს დღესვე ტოვებს. 

"მის საზიარებლად ჩამოვედი და ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი,"- ამბობს დეკანოზი გიგატაძე. 

მამა ნიკოლოზმა დეკანოზ მამალაძის ზიარების სურვილი 6 თებერვალს გამოთქვა, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ განაცხადა, რომ ნებისმიერ მღვდელს აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების უფლება, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას მღვდელმსახური საკუთარ თავზე იღებს. 

N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები