თიბისი ბანკის საქმე

პრემიერი TBC-ზე: პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაციაა, პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს

საქართველოს პრემიერი TBC ბანკთან დაკავშირებით „ყველას სპეკულაციების შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, TBC ბანკი ქვეყნის ერთერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, ეროვნული ბანკი კი ყოველთვის „ძალიან მაღალის პროფესიული სტანდარტების დაცვით“ მოქმედებს, ამიტომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება პროფესიული თვალსაზრისით უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკურით.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.TBC ბანკი არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. ის, რომ TBC ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. TBC ბანკი არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს,კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", - თქვა პრემიერმა, რომელიც მიუნხენში იმყოფება.

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ეროვნული ბანკის თქმით, "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". 

TBC-იმ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები