ერათოსტენე

როგორ გამოითვალეს დედამიწის გარშემოწერილობა 2200 წლის წინ?

ბერნარდო სტროცი ''ერატოსთენე ასწავლის ალექსანდრიაში''

რამდენია დედამიწის გარშემოწერილობა? დღეს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ GPS, ხელოვნური თანამგზავრები ან უბრალოდ ინტერნეტში მოვიძიოთ. ბერძენმა მათემატიკოსმა, ერატოსთენემ იმავეს გაკეთება დაახლოებით 2200 წლის წინ, მხოლოდ გეომეტრიის გამოყენებით შეძლო.

ერატოსთენე ძველი საბერძნეთის კოლონიაში, კირენაში დაიბადა. მან ახალგაზრდა ასაკში იმოგზაურა ათენში განათლების მისაღებად, შემდეგ კვლავ კირენაში დაბრუნდა და სახელი იმდენად გაითქვა, რომ ეგვიპტის ბერძენმა მმართველმა, პტოლემი მესამემ ალექსანდრიაში თავისი შვილის მასწავლებლად მიიწვია. ძვ.წ 236 წელს 40 წლის ერატოსთენე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მთავარ ბიბლიოთეკარად დაინიშნა.

ერატოსთენე მრავალი ნიჭი ჰქონდა. იგი იყო გეოგრაფი, ასტრონომი, ისტორიკოსი და პოეტი. ის პირველი იყო, ვინც სიტყვა გეოგრაფია გამოიყენა, შექმნა გრძედის და განედის სისტემა, შეიმუშავა მარტივი რიცხვების აღმოჩენის ალგორითმი, შეადგინა მაშინდელი მსოფლიოს რუკა და ვარსკვლავების კატალოგი, დაითვალა დედამიწის ღერძის დახრილობა და მანძილი დედამიწიდან მთვარემდე (ნაკლები სიზუსტით). თუმცა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა დედამიწის გარშემოწერილობის (ეკვატორის სიგრძე) ზუსტი გამოთვლაა.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ყოფნისას ერატოსთენემ შეიტყო, რომ სიენში, ზაფხულის მზის დგომის პერიოდში (20-22 ივნისი), შუადღეზე მზე პირდაპირ თავს ზემოთ იყო და მისგან წამოსული სხივები არ ტოვებდა ჩრდილს როცა ვერტიკალურ ობიექტს ეცემოდნენ. იმავე მომენტში, 794 კილომეტრით ჩრდილოეთით, ალექსანდრიაში სვეტებს ჰქონდათ მკაფიო ჩრდილი.

ერატოსთენემ იცოდა, რომ წრეში 360 გრადუსია. მან გაზომა ჩრდილის კუთხე (7.2°), რომელსაც ალექსანდრიაში ვერტიკალური სვეტი წარმოქმნიდა, ამავე დროს, ზუსტად იცოდა მანძილი სიენასა და ალექსანდრიას შორის (794 კმ), ამგვარად ერთადერთი უცნობი ცვლადი განტოლებაში დედამიწის გარშემოწერილობა იყო.

ერატოსთენე მიხვდა, რომ თუ სიენასა და ალექსანდრიას შორის მანძილი შეესაბამება მზის 7.2°-იან დახრილობას, წრეწირი 360°სგან შედგება და 7.2 °-ი სრული წრის ერთი ორმოცდამეათედია, 50-ის მანძილზე გამრავლებისას მიიღებდა დედამიწის გარშემოწერილობის მნიშვნელობას. 794 X 360/7.2= 39 700. თანამედროვე მონაცემებით, დედამიწის გარშემოწერილობა 40 000 კილომეტრია, ერატოსთენე სულ რაღაც 300 კილომეტრით შეცდა.

კომენტარები