ტერორიზმი

ტრამპი: ევროპის ქვეყნებმა ISIS-ის შეპყრობილი მებრძოლები უნდა დაიბრუნონ და გაასამართლონ

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა უკან მიიღონ და გაასამართლონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 800-მდე წევრი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან მებრძოლმა ძალებმა შეიპყრეს.

"აშშ სთხოვს ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ევროპელ მოკავშირეებს დაიბრუნონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 800-ზე მეტი მებრძოლი, რომლებიც ჩვენ სირიაში შევიპყარით და გაასამართლონ ისინი. ხალიფატი ეცემა. კარგი ალტერნატივა არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გაშვება მოგვიწევს. აშშ-ს არ სურს უყუროს როგორ შეაღწევენ ეს მებრძოლები ევროპაში, და ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ისინი წავლენ. ჩვენ ამდენს ვაკეთებთ და ამდენ ფულს ვხარჯავთ - დროა სხვებმაც აიღონ ინიციატივა და გააკეთონ თავიანთი საქმე, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ხალიფატზე 100%-იანი გამარჯვების შემდეგ ჩვენ რეგიონს დავტოვებთ!" დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა პატიმრები უნდა მიიღონ, კრიმინალური სასამართლოს გარეთ დაკითხვის სისტემა შეიმუშავონ და მათთვის გუანტანამოს ციხის ევროპული ვერსია შექმნან.

გუშინ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა თქვა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამჟამად მხოლოდ 700 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ პატარა ქალაქ ბაღუზ ალ-ფავქანიზე შეტევა გასულ კვირას დაიწყეს.

ქალაქი ალყაშია მოქცეული, თუმცა შეტევა დროებით შეაჩერეს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ შორის საკუთარ ცოლებს და შვილებს. სირიის დემოკრატიული ძალები ცდილობენ გაათავისუფლონ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეებიც. უკანასკნელ დღეებში მათ 10 ტყვე დაიხსნეს.

არსებული ინფორმაციით ქალაქში 1,500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტერორისტული დაჯგუფების 500-მდე მებრძოლია.

სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერების თქმით ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა ქალაქის აღებით არ დამთავრდება და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯგუფების შემორჩენილ ნაწილებს გაანადგურებენ.

დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც.

როგორც აშშ-ის, ასევე ბრიტანეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად ე.წ. ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს საფრთხეს და შესაძლოა აშშ-ის ძალების რეგიონიდან გასვლას მათი ხელახალი გააქტიურება მოჰყვეს.

კომენტარები