თიბისი ბანკის საქმე

ასლი: ივანიშვილს TBC-ის ხელში ჩაგდება სურს, რათა შემდეგ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს დაეხმაროს

ტაბულა

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ფადი ასლი ამბობს, რომ მათ საერთაშორისო ქსელებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი თიბისი ბანკის დასუსტებას ცდილობს, რათა ხელში ჩაიგდოს ის და დაეხმაროს საერთაშორისოდ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს. 

ამის შესახებ ფადი ასლიმ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, შეშფოთებულია საქართველოში ბიზნესის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და იმ ინფორმაციების გამო, რომელიც მან საერთაშორისო წყაროებისგან მიიღო. 

"ბატონ ივანიშვილს თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება სურს. მას ამ მიზნის მიღწევა არა ბანკის შეძენით, არამედ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ჩამოშორებით სურს, რის შემდეგაც, მას უნდა, რომ ბანკში მასთან დაახლოებული პირები დანიშნოს მმართველად. ამის მისაღწევად ის საქართველოს ეროვნულ ბანკს იყენებს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მისი [ივანიშვილის] საბოლოო მიზანია, დაეხმაროს საერთაშორისოდ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს, რათა მათ TBC ბანკის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა შეძლონ,"- ამბობს ფადი ასლი. 

ფადი ასლის თქმით, ივანიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით მათი რეპუტაციის დაზიანებას ცდილობს, რათა საერთაშორისო დონორებმა ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე უარი თქვან და თავად ჩაიგდოს პროექტი ხელში. 

დღესვე საერთაშორისო სავაჭრო პალატამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც საქართველოს მთავარობას მოუწოდა, შეწყვიტოს თიბისი ბანკსა და მის ხელმძღვანელებზე თავდასხმა. 14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ვრცლად

კომენტარები