საბანკო რეგულაციები

ევროპული საქართველო საბანკო რეგულაციების გაუქმებას ითხოვს

ევროპული საქართველო სესხებთან დაკავშირებული საბანკო რეგულაციების გაუქმებას ითხოვს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს, რათა ჩააბაროს ანგარიში მთავრობას და საზოგადოებას რა შედეგები მოიტანა მის მიერ შემოღებულმა საბანკო რეგულაციებმა. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ახალმა რეგულაციებმა გაზარდა უმუშევარი ადამიანების რიცხვი და შეაჩერა ეკონომიკა. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების მცდელობაში ბევრი სხვა პრობლემა შექმნა და დააზიანა ძალიან ბევრი სფერო და ადამიანი. 

"პირველი რაც საბანკო რეგულაციებმა მოიტანა, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა, რომელიც მიადგათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებს. ასეთი მაღაზიების უმეტესობა მუშაობს განვადებით, დღეს მათი გაყიდვები არის მკვეთრად შემცირებული და დიდი ნაწილი დგას დახურვის და გაუქმების საფრთხის წინაშე. ეს ნიშნავს დამატებით ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. მეორე, სამშენებლო სექტორი, ასევე ყველა მსხვილი სამშენებლო კომპანია დადგა სერიოზული რისკის და საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ აღარ გაიცემა კრედიტი და შესაბამისად აღარ არსებობს მყიდველი. სამშენებლო კომპანიების გაჩერების და მშენებლობების შემცირების რისკი ასევე ქმნის ათასობით დასაქმებული ადამიანის უმუშევრად დატოვების პერსპექტივას.

ამ საბანკო რეგულაციებით ყველაზე მეტად ზარალდება ის საშუალო ფენა, რომელსაც პირიქით უნდა ეხმარებოდეს მთავრობა, მაგალითად ოჯახი რომელსაც აქვს 600-დან 1000 ლარამდე შემოსავალი. ასეთი ოჯახი ვერასოდეს ვერ იყიდის ერთი თვის დადებული ხელფასით ტელევიზორს ან სარეცხ მანქანას, იმიტომ რომ ეს ხელფასი თვიდან თვემდე არ ჰყოფნის, მაგრამ ასეთი ოჯახი განვადებით ყიდულობდა ტექნიკას და ყოველთვიურად იხდიდა ამ თანხას. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მათი ცხოვრების გაუარესება პირდაპირ არის დაკავშირებული ქართული ოცნების და დღევანდელი ხელისუფლების გაუაზრებელ და გაუთვლელ ნაბიჯებთან და მათ პოლიტიკასთან." - ამბობს ბაქრაძე. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმება. რეგულირების მიხედვით, სესხის გამცემებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი (სესხი, თავდებობა).

კომენტარები