საპენსიო რეფორმა

ზოიძე: საპენსიო რეფორმა ძალიან კარგად არის მომზადებული, ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად

აიპრესი

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, საპენსიო რეფორმა "ძალიან კარგად არის მომზადებული". ბიუროს სხდომაზე მან ევროპული საქართველოს ინიციატივას უპასუხა და აღნიშნა, რომ კანონის შეჩერების მოთხოვნას საფუძველი არ აქვს. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, "სანამ სისტემა მზად არ იქნება", შეჩერდეს იმ მუხლების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ხელფასიდან საპენსიო ფონდისთვის თანხა ეჭრებათ. 

"ამ რეფორმაზე 8 თვე ვიმსჯელეთ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს კანონი. ახლა ბატონი ოთარი გვეუბნება, რომ რაზეც ვიმჯელეთ 8 თვე, ამდენი იმუშავა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ახლა ერთი დაჩქარებული წესით გავაუქმოთ. ძალიან მარტივ რამეზეა საუბარი, ჩვენ მიერ მიღებული კანონის გაუქმებაზეა საუბარი პრაქტიკულად, როგორ შეიძლება, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს უნდა გაჩერდეს" - ამბობს ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებითვე, მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა "მყისიერად სამმაგდება" გადამხდელთა უმრავლესობისთვის.

"საუბარი იმაზე, რომ რაღაც დეპოზიტზე არ არის განთავსებული თუ საინვესტიციო გადაწყვეტილება როგორ უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საინვესტიციო გადაწყვეტილება იყოს აბსოლუტურად კეთილგონიერი, მსოფლიო კლასის ფინანსისტების მიერ მიღებული, რისთვისაც უნდა დაიხარჯოს შესაბამისი დრო, რომ შევარჩიოთ შესაბამისი საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს და წლის ბოლოს ამ თანხებს განათავსებს უკვე დაბალ თუ საშუალორისკიანი ფონდების მიხედვით. არაფერი მოუმზადებელი არ არის, ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად, როგორც უნდა წასულიყო. მოქალაქეებისთვის კიდევ ყოველთვიური მოგება არის 200%, არავითარი შეჩერების, გაჩერების და მოუმზადებლობის ნიშნები არ შეინიშნება" - მიმართა ზოიძემ ოთარ კახიძეს.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომ საპენსიო სააგენტომ მობილიზებული თანხები ვერ დააბანდა და არ იციან, სად წაიღონ 25 მილიონი.

"სისტემა მზად არ არის, არც ვებგვერდი მუშაობს გამართულად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის განმარტებით, არ იციან, ფული სად წაიღონ, ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უნდა ჩაიდოს ფული, თუმცა არის სადეპოზიტო ანგარიშებზე, ანუ სრულიად მოუმზადებელი და გაურკვეველი შეხვდა სახელმწიფო კანონს. ყოველი ახალი თვე, რომლის ბოლოსაც მოქალაქეებს თანხები ეჭრება ისე, რომ არ იცის საპენსიო სააგენტომ, სად წაიღოს ეს ფული, არის პრობლემა" - განაცხადა კახიძემ.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24 000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24 000 ლარზე მეტი და 60 000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60.000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილმა და "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ის არაკონსტიტუციურია და არღვევს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის საკუთრების უფლებას.

ამავე თემაზე, წაიკითხეთ ტაბულას სტატია არქივიდან: საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება.

კომენტარები