სასამართლო სისტემა

ზარდიაშვილი: ჩინჩალაძე 2004 წლიდან სესხს იხდის, ჯანეზაშვილი და დოლიძე უფრო მდიდრები არიან

რუსთავი 2

ქართული ოცნების დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც მოსამართლეთა ე.წ კლანთან ასოცირდება, ამბობს, მოსამართლეთა ქონებით დაინტერესებას, უმჯობესია, არასამთავრობო სექტორი ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის ქონებით დაინტერესდეს. 

"იგივე მიხეილ ჩინჩალაძეზე, რომელიც უკვე 12 წელია, მოსამართლეა და ალბათ, 30 წელია, საჯარო მოხელეა, აქვს 100 ათასი დოლარი კრედიტი აღებული, ამას იხდის 2004 წლიდან, ასევე ჩინჩალაძეზე შეიძლება ითქვას, რომ ის ქონებები, რაც "რუსთავი 2-მა" ახლა. ვითომ. აღმოაჩინა, შეძენილია 2006 წელს და 2008 წელს. რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ საკითხის ახლა წამოწევა, არის უცნაური. ასევე, მოვუწოდებ არასამთავრობო სექტორს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქონება ამოიღეს და ეს გახადეს დასასაბუთებელი, მე გადავავლე თვალი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის ქონებას, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და "რუსთავი 2" თუ მოინდომებს, დამიჯერეთ, ქალბატონი ნაზის და ანას ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიას თუ დიმიტრი გვრიტიშვილის თუ მამია ფხაკაძის ქონებები", - თქვა ვანო ზარდიაშვილმა.

რუსთავი 2-ის ეთერში შაბათს გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები დიდ ქონებას ფლობენ და მათი ღირებულება მათ შემოსავალს ბევრად აღემატება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საბჭოს მოსამართლე წევრებს მთელ რიგ საკითხებში ეწინააღმდეგებიან. მათ შორის, ვნებათაღელვის საგანი უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების საკითხი გახდა, როცა საბჭოს მიდვანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატების 10-კაციანი სია წარმოადგინა. 

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობდნენ, რომ ეს სია ყველანაირი პროცედურის დარღვევით შემუშავდა, ასევე, მათთვის მიუღებელი იყო სიით წარმოდგენილი კანდიდატები. საბჭოს არამოსამართლე წევრების თქმით, ისინი კლანის წევრები არიან, რომლებმაც ქართულ მართლმსაჯულებაზე მძიმე კვალი დატოვეს. 

კომენტარები