ილიაუნი

ილიაუნის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტთა ნაწილმა შიმშილობა შეწყვიტა

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ის საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლებს. 

როგორც სტუდენტები ამბობენ, ადმინისტრაციამ თანხმობა გამოთქვა, რომ გადახედოს ბიზეს ფაკულტეტის  სტრუქტურა და დაკორექტირდეს ის. ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ნაცვლად უნდა შეიქმნას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და ამ საკითხზე სამუშაოდ ადმინისტრაციას 2-კვირიანი ვადა მისცეს. 

სტუდენტებმა დღეს პირობაც მიიღეს, რომ ბიზნესის სკოლას საკუთარი ავტონომია ექნება და შეიცვლება უნივერსიტეტის წესდება. შეხვედრაზე არ უსაუბრიათ მენეჯმენტის საკითხზე და არ განუხილავთ დაბრუნდება თუ არა გიორგი ქადაგიძე დეკანის თანამდებობაზე.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტურმა თვითმმართველობამ შიმშილობა შეწყვიტა. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია სტუდენტებთან შეხვედრას შედეგიანს უწოდებს. მისი თქმით, მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომელზეც შეთანხმება შესაძლოა მოხდეს. 

"შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხება სრულად შესაძლებელია, რომ მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალშექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვთქვით, რომ ცალკე ჯგუფი შეიქმნება სტუდენტური რეფორმების, რომელიც იმუშავებს წესდებაში ცვლილებებზე, უნივერსიტეტის დონეზე. იმ საკითხებზე, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს და მუშაობას",- ამბობს ზედანია. 

15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15-მა სტუდენტმა რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობა დაიწყო.

ილიაუნიდან გათავისუფლებაზე, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება "ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას" დაუკავშირა. 

4 თებერვალს, გიორგი პაპავამ​ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერისთვის ის ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს მას ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. 

ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან - რეორგანიზაციასთან და გიორგი ქადაგიძისა და გიორგი პაპავას განცხადებებთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სხდომაზე, როდესაც საბჭოს წევრებსა და გიორგი ქადაგიძეს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები