ვენესუელა

მადურო: ტრამპმა ჩვენს ქრისტიანულ სოციალიზმზე ნაცისტური რიტორიკით ილაპარაკა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი / ნიკოლას მადურო ფოტო: TheHill

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში ვენესუელელ და კუბელ მიგრანტებთან შეხვედრისას ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ სამხედროებს მოუწოდა არ გარისკონ საკუთარი მომავალი და სიცოცხლე და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შეუშვან.

"თქვენ ვერ იპოვით თავშესაფარს და მარტივს გამოსავალს. ყველაფერს დაკარგავთ. გაათავისუფლეთ თქვენი ხალხი...მადურო ვენესუელის პატრიოტი არ არის, ის კუბის მარიონეტია...სოციალიზმის აღსასრული დადგა. სოციალიზმის და კომუნიზმის დღეები დათვლილია არა მხოლოდ ვენესუელაში, არამედ ნიკარაგუასა და კუბაში. და მათ, ვისაც აშშ-ში სოციალიზმის შემოტანა სურთ კიდევ ერთხელ ვუგზავნით ნათელ მესიჯს: ამერიკა არასოდეს იქნება სოციალისტური ქვეყანა." თქვა მან.

ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა ნიკოლას მადურო, რომელმაც მის გამოსვლას "ნაცისტური" უწოდა.

"დონალდ ტრამპი ისევ ბრძანებებს აძლევს ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს. ვინ არის შეიარაღებული ძალების მეთაური, დონალდ ტრამპი მაიამიდან? ისინი ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის მფლობელები არიან. ტრამპს მიაჩნია, რომ ჩვენი არმიისათვის ბრძანებების მიცემის უფლება აქვს და რომ ისინი ამას შეასრულებენ. ეს ჩვენი არმიის შეურაცხყოფაა... მაიამიში ტრამპმა ილაპარაკა ქრისტიანულ სოციალიზმზე, ჩვენს სოციალიზმზე, იდეოლოგიების აკრძალვის ნაცისტური რიტორიკით. ტრამპს იდეოლოგიური მრავალფეროვნების აკრძალვა და თეთრი სახლის იდეოლოგიის თავს მოხვევა უნდა." თქვა მან.

მადურომ მისი ქვეყნისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებული შოუ უწოდა და კოლუმბიის საზღვართან მიტანილი საკვები და მედიკამენტები ქვეყანაში არ შეუშვა.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა. თუმცა, მადუროს რეჟიმმა კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაკეტა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები