შუალედური არჩევნები

კობა დავითაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის კენჭს

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან ტაბულასთან საუბარში თქვა, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება და ამ კამპანიას ახალი კონსერვატიული, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკური ძალის ფორმირებისთვის გამოიყენებს. 

"არ ვაპირებ ეს იყოს კობა დავითაშვილის პარტია, მინდა იყოს იდეოლოგიებზე და ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკური ძალა, რომელშიც თანამოააზრეები გაერთიანდებიან. მე მინდა რომ ახალგაზრდები გაერთიანდნენ, ადამიანები რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ არიან ცნობილები, მაგრამ არიან სოციალურ ქსელში აქტიურები და ცნობილები, იგივე ანტილიბერალური კლუბი, ალტერნატივა საქართველო," - ამბობს დავითაშვილი. 

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო ფინანსებს, დავითაშვილი ამბობს რომ შემოწირულობების იმედი აქვს. დავითაშვილის თქმით, ის იძულებული გახდა პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რადგან ქართულ ოცნებაში ვერ ხედავს იმ ძალას, რომელიც სააკაშვილის დაბრუნებას შეუძლის ხელს. 

"ჩემი მიზანი არ არის პარლამენტში მოხვედრა. ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი. მიხეილ სააკაშვილის მობრუნება მიმაჩნია ძალიან დიდ საფრთხედ ქვეყნისთვის, ამიტომ იძულებული ვარ აქტიურად ჩავერთო პოლიტიკაში. დავბრუნდი იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ქართულ ოცნებაში იმ ძალას, რომელიც წინ აღუდგება ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის რევანშს. ეს რევანში ქვეყნისთვის დაღუპვად მიმაჩნია. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ოცნების ჯიბრით სააკაშვილს აძლევს ხმას და სააკაშვილის ჯიბრით ოცნებას, გავერთიანდეთ და შევქმნათ ის პოლიტიკური ძალა რომელიც თვითონ აიღებს ხელისუფლების სადავეებს და რომელიც დაემყარება იმ ფასეულობებს რომელიც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის არის მისაღები," - ამბობს დავითაშვილი. 

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

კომენტარები