სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა და მაკრონმა ხელი მოაწერეს "დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნებას

სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

,,2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ითვალისწინებენ რა 1994 წლის 21 იანვარს, პარიზში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, იღებენ რა მხედველობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობის შთამბეჭდავ დინამიკას, ხაზს უსვამენ რა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, აცხადებენ „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ვაჭრობის და ეკონომიკის; ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში,"- წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. დიალოგი ჩატარდება წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში. 

დიმიტრი ამილახვარი 1942 წელს გმირულად დაიღუპა ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენი.

კომენტარები