საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სამ დღეში ქარმა 87 ხე, 62 სახურავი, 32 მანქანა, მილები და ბილბორდები დააზიანა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს და მიუთითებს, რომ ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტი შეტყობინება თბილისიდან შევიდა.

მათივე ინფორმაციით, ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:

  • 87 ხე
  • 62 შენობის სახურავი
  • 32 ავტომანქანა
  • ბუნებრივი აირის 8 მილი
  • მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი 
  • 4 სარეკლამო ბილბორდი

"ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ქარი ჩადგება.

კომენტარები