ქართველი მეზღვაური

საგარეო: ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, სავარაუდოდ ამ კვირაში გადმოვასვენებთ

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველის, 22 წლის დავით რაზმაძის ცხედარს მიმდინარე კვირის ბოლოს გადმოასვენებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა თქვა. 

"ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე უბრალოდ ეს თანხობა უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გამოიცემა. რის შემდეგაც უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები, რაზეც ჩვენ უკვე მომზადებულები ვართ. ეს არის საორგანიზაციო ხასიათის, სამედიცინო ხასიათის, ტრანსპორტირება და ა.შ. ნებართვა გაცემულია და ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში პროცესი სრულად დასრულდება",- ამბობს კონსტანტინიდი

მისივე თქმით, მეზღვაურის სამშობლოში გადმოსვენება გამოძიების გამო გაჭიანურდა. 

"ამის გამო, ლიბიის სამართალდამცავმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს, ცხედრის ხანგრძლივი ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ფაქტი მოხდა ლიბიის ტერიტორიაზე, შესაბამისად გამოძიებაც და ექსპერტიზაც არის ლიბიელი სამართალდამცველების პრეროგატივა",- აღნიშნა მან. 

ლიბიაში დაკარგული მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. 22 წლის დავით რაზმაძეს 2 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ის ლიბიაში მორიგეობის დროს 7 იანვარს დაიკარვა. მისი დაკარგვის შესახებ ოჯახს 16 იანვარს შეატყობინეს. ჯერჯერობით მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. 

კომენტარები