ვენესუელა

მადუროს პროტესტის მიუხედავად, ბრაზილია ვენესუელას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

Reuters

ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხრიდან პროტესტის მიუხედავად, ბრაზილია კვირის ბოლომდე ვენესუელის საზღვარზე ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის.

დახმარების მიღებას და განაწილებას ორგანიზებას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო გაუწევს. ბრაზილია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინ გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნო.

პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს სპიკერმა თქვა, რომ ჰუმანიტარულ კრიზისში ჩავარდნილი ქვეყნის დასახმარებლად საკვებს და მედიკამენტებს სასაზღვრო ქალაქ პაკარაიმაში გზავნიან. ხუან გუაიდოს თქმით 600,000-მდე მოხალისემ უკვე გამოთქვა ჰუმანიტარული დახმარების შეტანაში მონაწილეობის სურვილი.

თუმცა, უცნობია შეძლებს თუ არა მადუროს ოპოზიცია დახმარების შეტანას, რადგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით საზღვარზე სამხედრო ძალებია მობილიზებული. მათ კოლუმბიიდან მომავალი ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვა უკვე შეძლეს. ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა. თუმცა, მადუროს რეჟიმმა კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაკეტა.

კომენტარები