ჩინური ენა

მე-5 კლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე უცხო ენად ჩინური აირჩიონ

მე-5 კლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე უცხო ენად ჩინური ენა აირჩიონ. ჩინური ენა სკოლებში სავარაუდოდ 2019 წლის სექტემბრიდან დაინერგება. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის მარიამ ჩიქობავას თქმით, ჩინეთის საელჩოსთან და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტთან თანამშრომლობით უკვე მომზადდა წლიური პროგრამა.

"ასევე გრამატიკა შედგა მათთან თანამშრომლობით და ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ V კლასიდან აირჩიონ ეს ენა, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია რესურსების მომზადება, პედაგოგების გადამზადება და სწორედ ამ ორ ინსტიტუციასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა" - ამბობს ჩიქობავა.

განათლების სამინისტროს განმარტებით, ჩინური ენის მეორე უცხო ენად დასანერგად სკოლამ უნდა გამოთქვას სურვილი. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა მოგროვდება და ჯგუფი შედგება, სამინისტრო უზრუნველყოფს სასწავლო რესურსებს, ასევე, პედაგოგების გადამზადებას. პედაგოგი შეიძლება იყოს ჩინელი ან ქართველი, რომელმაც იცის ჩინური ენა.

"იმ პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, რომელიც არსებობს ჩინეთის სახელმწიფოსთან, ჩვენს მოსწავლეებს დასაქმების ან ინტერესების გაფართოების კუთხით, საკმაოდ კარგი შესაძლებლობა ექნებათ" - თქვა ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა.

კომენტარები