ტრანსგენდერი ადამიანები სპორტში

ტრანსგენდერ სპორტსმენებზე განცხადებების გამო, ნავრატილოვა LGBT ორგანიზაციიდან გარიცხეს

GETTY IMAGES

აშშ-ში ლგბტ ადამიანების სპორტში ჩართულობაზე მომუშავე ორგანიზაციამ ჩოგბურთის ლეგენდასთან, მარტინა ნავრატილოვასთან, კავშირი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ქალმა ტრანსგენდერი ქალი ათლეტების შესახებ განცხადება გააკეთა. 

ნავრატილოვამ, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი 18-ჯერ მოიგო, თავის ინტერვიუში თქვა, რომ უსამართლობაა, ტრანსგენდერი ქალები სპორტში ქალებს შეეჯიბრონ, რადგან მათ ფიზიკური უპირატესობა აქვთ. 

ლგბტ ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩოგბურთელის განცხადებები ტრანსფობიურია და მითების გავრცელებას უწყობს ხელს. მათი განცხადების მიხედვით, ნავრატილოვა საბჭოს წევრობიდანაც ამოშალეს. 

ბრიტანული გაზეთისთვის The Sunday Times-ისთვის დაწერილ სტატიაში ნავრატილოვა წერს: 

"კაცს შეუძლია, გადაწყვიტოს, რომ იყოს ქალი, მიიღოს ჰორმონები, მოიგოს ყველაფერი და, ალბათ, პატარა წარმატებასაც მიაღწიოს და შემდეგ უკან დააბრუნოს თავისი გადაწყვეტილება, წავიდეს და შვილები გააჩინოს, თუ ასე გადაწყვეტს". 

შემდეგ კი ამატებს:

"ეს სიგიჟეა და ეს უსამართლობაა. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია მივმართო ტრანსგენდერ ქალს იმ ნებისმიერი ფორმით, რომელიც მას მოსწონს, მაგრამ არ ვიქნებოდი ბედნიერი მასთან შეჯიბრით. ეს არ იქნებოდა სამართლიანი". 

ტრანსგენდერი სპორტსმენები სტატიას მალევე გამოეხმაურნენ. რეიჩელ მაკკინონმა, რომელიც გასულ წელს პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელმაც ველოსიპედების მსოფლიო შეჯიბრში გაიმარჯვა, ჩოგბურთელის კომენტარს "გამაღიზიანებელს, აღმაშფოთებელსა და ღრმად ტრანსფობიურს უწოდებს".

ორგანიზაციის Athlete Ally-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ნავრატილოვას კომენტარები "ტრანსფობიური იყო, რომელიც მეცნიერებისა და მონაცემების ყალბ გაგებაზეა დაფუძნებული და რომელიც საშიში მითების გავრცელებას უწყობს ხელს, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანებისადმი დისკრიმინაციულ კანონებამდე, სიძულვილით სავსე სტერეოტიპებამდე და ძალადობამდე მივყავართ".  

ამასთან, განცხადებაში ეწერა: 

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მარტინას ამ საკითხზე ველაპარაკებით. გასული წლის დეკემბერში მან სოციალური მედიის არხებით ღრმად შემაძრწუნებელი კომენტარები გააკეთა ტრანსგენდერებისთვის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ".

ამასთან, Athlete Ally აცხადებს, რომ ნავრატილოვა მათ გუნდს ელჩის სტატუსით შეუერთდა და ის დაჯილდოვდა კიდეც 2014 წლის პირველ ყოველწლიურ გალაზე, რის შემდეგაც ის საადვოკატო კამპანიებში იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორისაც იყო ღია წერილი, რომელიც კალათბურთის ფედერაციას მოუწოდებდა, ჰიჯაბის შესახებ აკრძალვა მოეხსნა და ამასთან ღია წერილი, სადაც ის ტეხასის 2017 წლის ანტიტრანსგენდერულ კანონზე საუბრობდა. 

ორგანიზაცია ამბობს, რომ ყოფილ ჩემპიონს მათი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებეია. ნავრატილოვა მრავალი წლის განმავლობაში იყო გეი უფლებების დამცველი და თავად გამხდარა ჩაგვრის მსხვერპლი, როდესაც 1980-იან წლებში ღიად ისაუბრა თავისი ორიენტაციის შესახებ. 

2016 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ კაცებს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების უფლება ყველანაირი დათქმების გარეშე აქვთ, ხოლო ტრანსგენდერ ქალებს კი, ევალებათ, რომ მინიმუმ, 12 თვის განმავლობაში შეინარჩუნონ ტესტოსტერონის კონკრეტული დონე. ეს არის ჰორმონი, რომელიც სპორტსმენებს კუნთის მასის მოცულობის გაზრდაში ეხმარებათ.

კომენტარები