ჰინდუ-ნაციონალიზმი ინდოეთში

HRW: ინდოეთის ძროხების თვითორგანიზებულმა დამცველებმა ბოლო 3 წელში 44 ადამიანი მოკლეს

Reuters/Himanshu

ძროხების დამცველთა რადიკალურმა ჯგუფებმა ინდოეთში გასული 3 წლის განმავლობაში 44 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ Human Rights Watch თავის ახალ ანგარიშში წერს. ანგარიშში წერია, რომ ეს ჯგუფები ხშირად მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოებისა და ჰინდუ-ნაციონალისტი პოლიტიკოსებისგან იღებენ. 

104-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა, ჰინდუ-ნაციონალისტების თვითორგანიზებული ჯგუფების თავდასხმებს ეხება. ანგარიშში წერია, რომ 44-დან 36 მოკლული ინდოეთის მსხვილი მუსლიმური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. HRW-ის ცნობით, 2015 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში 100-ზე მეტი შეტაკების დროს 280-მდე ადამიანი დაშავდა, თუმცა როგორი იყო ეს სტატისტიკა 3 წლის წინ, ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას არ ფლობს. 

ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის, ჰინდუ-ნაციონალისტური პარტია BJP ქვეყნის უმრავლესობის სათაყვანებელი ძროხის დაცვის პოლიტიკას უჭერენ მხარს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ პარტიის წევრები ისეთ რიტორიკას ატარებდნენ, რამაც ქვეყანაში ძალადობრივი თვითორგანიზებადი რაზმების ზრდა გამოიწვია მათ მიმართ, ვინც ძროხას ჭამს. 

მოდიმ თვითორგანიზებული რაზმების ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ძროხების თაყვანისცემის გამო ადამიანების მოკვლა "მისაღები არ არის". ინდოეთის ფედერალურ მოწყობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შტატების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

"პრემიერმინისტრი გამოეხმაურა ამ საკითხს და მსგავს ქმედებებს კრიმინალი უწოდა და შტატების მმართველებს მოუწოდა იმოქმედონ მათ წინააღმდეგ, ვინც ძროხების დაცვის ყალბი დათქმით ძალადობას ჩაიდენს. BJP-ის კრიტიკა ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის საყვარელი თემაა,"- აცხადებს პარტიის წარმომადგენელი ნარასიმა რაო. 

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები წინა პარტიის მმართველობის დროსაც ხდებოდა. 

კომენტარები