ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქის ცემას და უხარისხო სერვისის მიწოდებას უარყოფენ

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უარყოფს ინფორმაციას ცენტრში ეგვიპტის მოქალაქის ვაგდია ელკორაიეს ცემის და მამამისისთვის უხარისხო სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესახებ. მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტს ყველა წესის დაცვით მკურნალობდნენ, თავად ვაგდია ელკორაიე კი, მათი თქმით, აგრესიულობით გამოირჩეოდა. განცხადებაში ეჭვიცაა გამოთქმული, რომ პროვოკაციის მოწყობის მიზანი სამედიცინო დავალიანების გადახდის თავიდან არიდება შესაძლოა, ყოფილიყო.

"ხსენებული პირი გამოირჩევა აგრესიულობით, არ ემორჩილება სამედიცინო დაწესებულებაში ქცევის წესებს, მათ შორის უნებართვოდ იჭრება რეანიმაციულ განყოფილებაში და საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარი მამის, ასევე ხსენებულ განყოფილებაში მოთავსებული ორი ათეული უმძიმესი პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შეურაცხყოფას აყენებს სამედიცინო პერსონალს, ძალადობით გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით პაციენტს სამედიცინო დაწესებულების წინაშე ერიცხება სოლიდური დავალიანება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მასზედ, რომ ვაგდია ელკორაიეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას ხსენებული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან თავის ასარიდებლად, რომლის ბოლო გამოვლინებაც გახლდათ გუშინდელი ფაქტი, როდესაც ვაგდია ელკორაიე და მისი ოჯახის წევრი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შესვლის შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწყობდნენ დებოშს, შეურაცხყოფდნენ სამედიცინო პერსონალს, რისთვისაც დროულად იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც," - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულება მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით.

ინფორმაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქე პაციენტის შვილზე თავდასხმის შესახებ გუშინ ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას საავადმყოფოში ცუდად უვლიდნენ, რასაც ოჯახის უკმაყოფილება და დაპირისპირება მოყვა.

შსს-მ ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

კომენტარები