მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

გოგიჩაიშვილი: იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაციის გზას ადგას

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, იურიდიული კომიტეტი კონსტიტუციური პრინციპის ტექსტს ვერ აბარებს და იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაციის გზას ადგას. 

"კანონპროექტი არის კონსტიტუციური. იურიდიული კომიტეტი ვერ გადის, ვერ აბარებს კონსტიტუციური პრინციპის ტესტს, რომ იყოს ზედამხედველის ფუნქციით აღჭურვილი და აქვს უნარი, შეასრულოს პოლიტიკური ფუნქცია. სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტი ადგას იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაციის გზას. ეს ძალიან სამწუხაროა, ტრაგიკულია. ვნახოთ, რა იქნება კენჭისყრაზე. მე იმედი მაქვს, დეპუტატები შეაფასებენ სასამართლოს ირგვლივ შექმნილ რეალობას. იგრძნობენ ოცნების ამომრჩევლის მთავარ დაკვეთას, რომ ამ ქვეყნის სასამართლოს სჭირდება კარგი, დემოკრატიული და პრინციპული მომავალი. დღესდღეობთ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ჩინჩალაძემ ჩაიგდოს ხელში სამივე ინსტანციის სასამართლო", - -თქვა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან. 

პარლამენტი დღეს კენჭს უყრის ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე შეჩერდება რაიონულ (საქალაქო) და საპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა არაკონსტიტუციურია. 

ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიასა და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ მხარს არ დაუჭერს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გუშინ განაცხადა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ დეპუტატების ნაწილის ინიციატივა არაკონსტიტუციურია. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ის გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა.

რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სია ისე წარმოადგინა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე არასამთავრობო სექტორმა მიუთითა, რომ სია პროცედურების დარღვევით იყო შემუშავებული, ასევე, მათთვის მიუღებელია  სიით წარმოდგენილი მოსამართლეები. მათი თქმით, ისინი კლანის წევრები არიან, რომლებმაც სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო აფხაზავა

კომენტარები