ბესელიას კანონ-პროექტი

ევროპული საქართველო, ბესელიას მომზადებულ კანონპროექტს მოსამართლეებზე, მხარს დაუჭერს

ტაბულა

ევროპული საქართველო ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილის, მათ შორის, ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოსამართლეებთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, ეს პრინციპულია საკითხია და ყველას ვალია დაუპირისპირდეს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს. 

"ეს იმდენად პრინციპული საკითხია, რომ არანაირი პოზიციის ცვლილება არ ყოფილა. აქ არ არის საკითხი ჩვენს დამოკიდებულებაში ეკა ბესელიას ან რომელიმე სხვა ჯგუფის მიმართ. ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ის თუ რა ხდება შიგნით ქართულ ოცნებაში და ვინ რას არკვევს ერთმანეთთან. ეს არის საკითხი, როცა ყველამ ყველა ფორმით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას უვადოდ სასამართლო სისტემაში. მიუხედავად იმისა შინაარსობრივად რა შენიშვნები გვაქვს... ჩვენ ჩვენი წინადადება გვაქვს, არასამთავრობოებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წინადადებები აქვთ, უამრავი კონკრეტული ტექნიკური ან სამართლებრივი აზრი არსებობს, მაგრამ დღეს არის პოლიტიკური მომენტი, როდესაც ყველას ვალია, რომ ჩვენი პირადი დამოკიდებულებების თუ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ყველანაირად დავუპირისპირდეთ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და ქართული ოცნების მცდელობას, რომ ესენი დაგვასვან თავზე, შესაბამისად ჩვენ, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას," - ამბობს ხოშტარია. 

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ითხოვს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე გადაიდოს. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებს: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე და ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.

როგორც ცნობილია კანონპროექტს მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც უჭერს.

საკანონმდებლო ინიციატივა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს. ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ამის შესაძლებლობას საქართველოს ახალი კონსტიტუცია იძლევა.

კანონპროექტს ეკა ბესელია პარლამენტში ამ წუთებში წარადგენს.

კომენტარები