ისრაელი

ნეთანიაჰუს პარტიასთან მოლაპარაკების შემდეგ რელიგიურ-ნაციონალისტური პარტიები გაერთიანდნენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიამ აპრილში დანიშნული წინასაარჩევნო არჩევნების წინ ორ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია.

რელიგიურ-ნაციონალისტური "ებრაული სახლის" პარტია ულტრა-მემარჯვენე "ებრაული ძალის" პარტიასთან გაერთიანების შემთხვევაში, არჩევნების შედეგების მიხედვით ლიკუდთან შესაძლო სამთავრობო კოალიციაში მინისტრის ორ პოსტს მიიღებს.

უკანასკნელი გამოკითხვებით ლიკუდის პარტია პარლამენტში 120 ადგილიდან 30-ის მოპოვებას შეძლებს, ხოლო "ებრაული სახლის" და "ებრაული ძალის" პარტიები დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებდნენ, თუმცა გაერთიანების შემთხვევაში ბარიერის გადალახვას მოახერხებენ.

ნეთანიაჰუს მთავარმა ოპონენტმა, ბენი განცმა თქვა, რომ პრემიერმინისტრი ექსტრემისტებთან თანამშრომლობს და ამის გამო გააკრიტიკა.

თავად განცის "მედეგობის პარტია" იაირ ლაპიდის "იეშ ატიდის" პარტიასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი სიით მიიღებს.

შეთანხმების მიხედვით მათი გამარჯვების შემთხვევაში პრემიერმინისტრის პოსტს 2 წლით განცი დაიკავებს, შემდეგ კი მას ლაპიდი შეცვლის.

მათ სიაში იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების კიდევ ერთი ყოფილი მეთაური გაბი აშკენაზიც.

განცის პარტიასთან უკვე გაერთიანდა თავდაცვის ძალების კიდევ ერთი ყოფილი მეთაურის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მოშე იაალონის პარტია "ტელემი".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. არჩევნები აპრილში ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზად სამთავრობო კოალიციაში არსებული კრიზისი იქცა.

კომენტარები