Freedom House-ის ანგარიში 2019

პროგრესმა საქართველოში ბოლო წლებში სტაგნაცია განიცადა - Freedom House-ის ანგარიში

0 კომენტარი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის, Freedom House-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ინდიკატორებზე დაყრდნობით თავისუფლების ხარისხს ზომავს, საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 63 აქვს და ნაწილობრივ თავისუფლად არის შეფასებული. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში პროგრესმა სტაგნაცია განიცადა.

"საქართველო ატარებს მუდმივ და კონკურენტულ არჩევნებს და მისი დემოკრატიულობის ტრაექტორია ხელისუფლების ცვლილების პერიოდში, 2012-2013 წლებში გაუმჯობესდა. თუმცა, მას შემდეგ, ბოლო წლებში, პროგრესმა სტაგნაცია განიცადა. ოლიგარქმა აქტორებმა გაზარდეს გავლენა პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე, კანონის უზენაესობას კი ხელი ეშლება პოლიტიკური ინტერესების გამო", - წერს Freedom House. 

ძირითადი მოვლენები

ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში მოექცა 2018 წლის ივნისში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და მისი მამუკა ბახტაძის ჩანაცვლება, რომელიც მანამდე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 

"კვირიკაშვილმა თქვა, რომ მისი გადადგომის მიზეზი იყო ეკონომიკურ საკითხებზე ყოფილ პრემიერთან, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებელთან და ქვეყნის უმდიდრეს კაცთან, ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება. ივანიშვილი ამ დროისთვის არჩეულ თანამდებობას არ იკავებს, თუმცა, ის მაისში დაბრუნდა პოლიტიკაში თავის ყოფილ პოზიციაზე - ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე. 

2018 წელს თბილისში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ჩატარდა. მაისში საპროტესტო გამოსვლები ორ პოპულარულ ღამის კლუბში რეიდმა განაპირობა, როდესაც პოლიციამ განაცხადა, რომ აქ ნარკოტიკები არალეგალურად იყიდებოდა. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა კონტრ-აქციები გამართეს. ივნისში კი საპროტესტო გამოსვლები სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ნაწილობრივ გამართლებამ გამოიწვია. დააკავეს პროტესტის ლიდერები და ათობით დემონსტრანტი დააკავეს. 

ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტური ოქტომბერს და ნოემბერში. სალომე ზურაბიშვილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს ქართული ოცნება უჭერდა, პირველ ტურში ენმ-ის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მცირედი უპირატესობით დაამარცხა. ზურაბიშვილი საქართველოში პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდა. არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა, სიმშვიდე ირღვეოდა ხმების მოსყიდვის, ამომრჩევლის დაშინების და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ ბრალდებებით. 

კანონის უზენაესობა

Freedom House-ის ანგარიშში საქართველოში კანონის უზენაესობა არის შეფასებული. 

ორგანიზაცია წერს: 

"მიუხედავად სასამართლოს მიმდინარე რეფორმებისა, სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ჩარევა არსებით პრობლემად რჩება, ისევე, როგორც კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სასამართლო პროცესების ირგვლივ. 2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძემ დატოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზით, თუმცა, ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ის ზეწოლის ქვეშ იყო. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არა პრეზიდენტი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, შემდეგ კი პარლამენტი ამტკიცებს. მართლმსაჯულების თვითმმართველი ორგანო ირჩევს საბჭოს წევრების უმეტესობას. დეკემბერში საბჭომ დაასახელა უზენაესი სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატები, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ გააკეთა განცხადება, რომ ეს გაუმჭვირვალე პროცესია და შერჩეული მოსამართლეები არაკეთილსინდისიერი რეპუტაციით სარგებლობენ. კოალიციამ მოუწოდა პარლამენტს, მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის გამჭვირვალე საკვალიფიკაციო წესები და გამჭვირვალე პროცედურები, სანამ განიხილავს საბჭოს მიერ წარმოდგენილ რომელიმე კანდიდატს. 

რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების განხილვა სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვით? 

ეს კანონმდებლობით გაწერილია, მაგრამ პრაქტიკაში მისი დაცვა ყოველთვის არ ხდება. ქვეყნის სახალხო დამცველმა ისაუბრა პრობლემებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ჩავარდნებზე, სასამართლოს პროცედურების ადმინისტრაციულ შეფერხებებზე, ასევე ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევებსა და უარზე ადვოკატის მომსახურებაზე დაკავების დროს.

ადამიანის უფლებათა დამცველები და ომბუდსმენი აგრძელებენ შეშფოთების გამოხატვას პოლიციელების მხრიდან ადამიანების ფიზიკურ შეურაცხყოფას დაკავების დროს და დროებითი მოთავსების საკანში, ასევე, საუბრობენ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და პოლიციის ქმედებების ზედამხედველობის სისტემის არაეფექტურობაზე. 

2018 წლის ივლისში, პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ახალი ინსპექტორის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებს პოლიციელთა შესაძლო დანაშაულებს, მაგრამ ის არ იქნება დამოუკიდებელი მთავარი პროკურატურისგან. ამას ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფებისგან კრიტიკა მოჰყვა. საპატიმროებში ძალადობა და მძიმე პირობები კვლავ პრობლემად რჩება. 

არის თუ არა კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში თანაბარი მოპყრობის გარანტორი? 

2014 წლის ადმინისტრაციული კანონი ქმნის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დისკრიმინაციისგან დაცვის პირობას, მათ შორის რასობრივი, გენდერული, ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით, თუმცა, ქალები და შშმ ადამიანები იტანჯებიან დისკრიმინაციით დასაქმების კუთხით, სხვა პრობლემებთან ერთად. ლგბტ ადამიანები აწყდებიან სოციალურ დისკრიმინაციას და ზოგჯერ სერიოზული ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები