პატრიოტთა ალიანსის რეზოლუცია

ბესელია მხარს უჭერს "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" დანაშაულებრივად გამოცხადებას

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია მხარს უჭერს პატრიოტთა ალიანსის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მმართველობა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს". ამის შესახებ ბესელიამ მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მე ვეთანხმები ირმას და რეზოლუცია თუ დღევანდელ კენჭისყრაზე იქნება წარმოდგენილი, მე მგონი, კიდევ უფრო ღიად წარმოაჩენს, რა გვჭირს ჩვენ აქ ყველას შიგნით და როგორ ვხედავთ მომავალს და ხვალინდელ დღეს. გადის ეს მომავალი ჩვენი მოსახლეობის განწყობებზე თუ არა.

რა თქმა უნდა, იმ ძალადობრივი რეჟიმის მსახურები იყვნენ ის მოსამართლეები და მე არასოდეს დავეთანხმები იმ თეზას, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი. ისინი იყვნენ მსახურნი და იყვნენ მთავარი მსახურნი. მოსამართლე არის მსაჯული, რომელსაც მიწაზე გამოაქვს განაჩენი საქართველოს სახელით, ერთ მოსამართლეს და მე მინდა ვკითხო იურიდიული კომიტეტის იმ წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით? და სამართლიანობა აქსესუარი არ არის, მოირგო ისე, როგორც გინდა.

იმ რეზოლუციასაც დავუჭერ მხარს, რა თქმა უნდა და მიმაჩნია, რომ იმ ძალადობრივი რეჟიმის მსახურები არ უნდა იყვნენ უვადოდ განწესებული და დემოკრატიულად უნდა მომხდარიყო მათი ცვლა" - თქვა ბესელიამ.

დღეს პარლამენტი კენჭს უყრის ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ჩააგდო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და დაიწუნა ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ. ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია - ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი, ასევე, ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი.

კომენტარები