უზენაესი სასამართლო

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები - კობახიძე NGO-ებს, საბჭოს წევრებს, დიპლომატებს ხვდება

ირაკლი კობახიძე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს ხვდება.

შეხვედრის თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებია. ირაკლი კობახიძე მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას გააცნობს. 

ის, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობენ, მის მონაწილეებს გუშინ ელექტრონული ფორმით გადაეგზავნათ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს და არასამთავრობოების წარმომადგენლებს ინიციატივა არ მოსწონთ. 

"დეტალებზე ახლა ვერაფერს გეტყვით, ჩემთვისაც ბოლომდე არ არის ცნობილი, რა კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრებთ. საუბარი იქნება უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების წარდგენის კრიტერიუმებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები, დისკუსიის პროცესში მეტი გამოჩნდება, ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით",- უთხრა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დაწყებამდე. 

"სამწუხაროდ, წარმოდგენილი პროექტით ირაკლი კობახიძემ არ გაითვალისწინა ის პრინციპული მოთხოვნა, რომელიც აქვს ხალხს და ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები ხელიდან გამოსცლოდა კლანს. წარმოდგენილ პროექტში, გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდება უზენაეს სასამართლოში, თუ არა მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელდასმა. ამით ირაკლი კობახიძემ მოახდინა საკუთარი თავის თვით-ილუსტრაცია", - თქვა ანა დოლიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა. 

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის თვლის, რომ არანაირ კანონში ცვლილებას არ აქვს აზრი, თუკი სასამართლოს მართვას გააგრძელებს კლანი, რომელიც დღეს მართავს მას, რადგანაც მის ხელში ნებისმიერი კანონის იმდაგვარი ინტერპრეტაცია ხდება, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანების შესვლას საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ამიტომ ეს არის ნომერ პირველი საკითხი.

მეორე საკითხი, ძირითადი პოსტულატები, რომელიც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გაგვაცნოს, წერილობით გადმოგვიგზავნა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იმ სახით როგორაც არის მომზადებული, არის კონკრეტულად ჩინჩალაძის კლანისთვის მანტიის მოზომება ტანზე, რადგანაც სხვას არაფერს გვეუბნება ახალს ეს კანონპროექტი, თუ არა იმას, რომ იმავე კლანს შეუძლია თავისუფლად დაეპატრონოს უზენაეს სასამართლოს. ამიტომ თუ ეს კანონი ამ სახით იქნა მიღებული შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ კლანი კვლავ რჩება მთავარ პრობლემად უზენაეს სასამართლოში", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" ხელმძღვანელი.

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

კომენტარები