საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: გთხოვთ, გააგრძელოთ მუშაობა ჩემ გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს

ტექნიკური შესვენების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა. სპიკერი ირაკლი კობახიძე დარბაზში მივიდა და მოკლე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, დიპკორპუსთან და NGO-ებთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურას და კრიტერიუმებს განიხილავს.

"არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, დაიგეგმა დღეს, იმიტომ, რომ არ გვქონდა სხვა საშუალება ამ სხდომის დაგეგმის, აქედან გამომდინარე, მიწევს იმ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, რომ  ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო სხდომა, თუმცა, ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის საჭირო ჩემი ყოფნა, ეს არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ჩემი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურების და კრიტერიუმების განხილვა და გთხოვთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა ჩემ გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს" - მიმართა კობახიძემ დეპუტატებს.

ქართული ოცნების დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პარლამენტის მიმართ, თუ პარლმენტის თავმდჯომარე "ასეთ მნიშვნელოვან საკითხს" თავად არ გაუძღვება.

"პარლამენტის თავმჯდომარის ერთერთი მთავარი ფუნქცია არის, წაუძღვეს სხდომას. სხდომის პარალელურად არ ინიშნება ხოლმე შეხვედრები, და შეხვედრები არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის საკითხი, რასაც ვიხილავთ" - თქვა ბესელიამ.

მისი განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა დატოვა და აღნიშნა, რომ "ასეთ აბსურდებზე კომენტარი ვერ გაკეთდება". ირაკლი კობახიძემ ვიცესპიკერ ზვიად ძიძიგურს მიმართა, სხდომა გააგრძელოს.

"შეიძლება, არ ვიცი, თუ არის რეგლამენტით გათვალისწინებული, ჩაატარეთ კენჭისყრა, მე სამწუხაროდ, მიწევს სხდომის დატოვება, ბატონი ზვიადი გააგრძელებს თქვენთან ერთად მუშაობას" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრები სხდომის გადადებას ითხოვენ იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას არ ესწრებოდა. 

კომენტარები