ეკა ბესელია

ეკა ბესელია ხვალ, 12:00 საათზე იტყვის, დატოვებს თუ არა უმრავლესობას

ტაბულა

ეკა ბესელია ხვალ 12 საათზე გააკეთებს საგანგებო განცხადებას იმის შესახებ დატოვებს თუ არა უმრავლესობას. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

ბესელიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მოსამართლეების შესახებ მისი კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებულება მისი გადაწყვეტილება, დატოვებდა თუ არა ქართულ ოცნებას.

ბესელიას და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.  

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი, წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები