აშშ-სირია

თეთრი სახლი: სირიაში 200-კაციანი სამშვიდობო ჯგუფი დარჩება

თეთრი სახლი
huffpost.com

თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სირიიდან ჯარების სრულად გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ძალების მცირე ნაწილი დარჩება.

"200 კაციანი სამშვიდობო ჯგუფი გარკვეული პერიოდით დარჩება სირიაში." თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელმაც ტრამპის თავდაპირველი გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა სამხედრო ძალების ნაწილის დატოვების შესახებ ცვლილება მოიწონა:

"პრეზიდენტ ტრამპის ეს გადაწყვეტილება იქნება სტაბილიზების პროცესის ნაწილი და უზრუნველყოფს, რომ ის მიღწევები, რაც სირიაში გვაქვს, არ დაიკარგოს. ეს ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო ხელახლა არ აღორძინდეს, ქვეყანაში შექმნილი ვაკუუმი ირანმა არ შეავსოს და თურქულ და ქურთულ ძალებს შორის კონფლიქტი არ მოხდეს. ეს თავიდან აგვარიდებს სირიაში იმ კატასტროფის გამეორებას, რაც ერაყში მოხდა." თქვა მან.

200-კაციანი ჯგუფის ნაწილი ერაყის და იორდანიის საზღვართან, ატ-ტანფის სამხედრო ბაზაზე იქნება განთავსებული, ნაწილი კი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც.

როგორც აშშ-ის, ასევე ბრიტანეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად ე.წ. ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს საფრთხეს და შესაძლოა აშშ-ის ძალების რეგიონიდან გასვლას მათი ხელახალი გააქტიურება მოჰყვეს.

ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ სირიასა და ავღანეთში აშშ-ის ჯარების გამოსვლის შემდეგ ე.წ. ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდებიან, ის სამხედრო ძალებს დააბრუნებს.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურის თქმით სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამჟამად მხოლოდ 700 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს.

კომენტარები