დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გოგიჩაიშვილი: ვერ ვიქცევი კონიუნქტურის ნაწილად, ვერ ვიქცევი პულტზე თითის დამჭერად

ტაბულა

​ეკა ბესელიას შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლევან გოგიჩაიშვილიც დატოვებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან თქვა. 

თუმცა, გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გუშინაც განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო საპარლამენტო უმრავლესობის სახელით. 

"გუშინდელმა დღემ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა. გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი გზები ერთმანეთს დაშორდა. ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობების ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი განცხადება ჩვენი მოსახლეობის და იმ ხალხის მიმართ, ვისთვისაც სამართალი, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და თავისუფლება მნიშვნელოვანია. მათ უთხრეს, რომ რასაც გიკეთებდათ სააკაშვილი მთელი 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებდა იმ მოსამართლეების ხელით, ნუ რა მოხდა მერე, ცოტა ვაპატიოთ ამ ხალხს და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ეს ფორმულა ჩემთვის მიუღებელია და ამ მორალის ადამიანთან ერთ გუნდში ვერ ვიქნები. წარმოუდგენელია, რომ მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილიერთ ხაზზე ვიყოთ. მე ვერ ვიქცევი კონიუნქტურის ნაწილად, ვერ ვიქცევი პულტზე თითის დამჭერად, მე ვერ შემჭამს კონიუნქტურა. რაც მე მინდა და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვიქნები იმ მხარეს". 

ბესელიას და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ დღეს ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ეკა ბესელია და კიდევ 8 დეპუტატი ითხოვდა, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე გადადებულიყო. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებდა: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე, ასევე, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.

გუშინდელ სხდომაზე ოცნების დეპუტატებმა ნუკრი ქანთარიამ და ზაზა პაპუაშვილმაც თქვეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ. 

კომენტარები