რუსეთი

შავი ზღვის თავსატეხი - როგორ შეუძლიათ საქართველოს და უკრაინას, აღკვეთონ პუტინის მცდელობა, შავი ზღვა რუსულ ტბად აქციოს

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის თებერვალში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. კიევის დახმარებასთან ერთად, რუსული აგრესიის შესაკავებლად დასავლეთი სანქციებს მიმართავს. ევროკავშირი სულ უფრო მზარდი სანქციების გამკაცრების მორიგ რაუნდს ახლო მომავალში გეგმავს. ეს ნაბიჯი რუსეთზე წნეხის გასაზრდელად იგეგმება, რადგან მოსკოვი ჯერჯერობით უარს ამბობს იმ 24 მეზღვაურის განთავისუფლებაზე, რომელიც გასულ ნოემბერში ქერჩის ყურეში დააკავა. ევროკავშირი რახანია მოუწოდებს რუსეთს “დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაანთავისუფლოს მეზღვაურები.” გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც მსგავს მოთხოვნებს აყენებენ. საპასუხოდ რუსეთი დასავლეთს ურჩევს “უარი თქვას ორმაგ სტანდარტებზე” და ყურადღება კიევის მიერ შექმნილ რეალურ საფრთხეებზე გაამახვილოს.  

შავ ზღვაში უკრაინის საზღვაო ძალებზე რუსეთის თავდასხმა საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, რადგან შავ ზღვაზე დომინანტი პოზიცია რუსეთს საშუალებას აძლევს ძალის პროექცია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოახდინოს. ამასთან, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამი სახელმწიფო - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი - შავიზღვისპირა ქვეყნებია და მსგავსი ინციდენტები შესაძლოა მათ უსაფრთხოებასაც დაემუქროს. უფრო ფართო კონტექსტში რომ შევხედოთ, არასტაბილურობას საქართველოსა და უკრაინაში - იმ ორ სახელმწიფოში რომელიც რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის პირდაპირი მსხვერპლია - შავი ზღვის და მთლიანად ევროპის დესტაბილიზაცია შეუძლია.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო და უკრაინა საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და რუსეთის შესაჩერებლად, რომელიც ცდილობს დომინანტი ძალა გახდეს შავ ზღვაზე. საქართველომ და უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან. პირველი, ორივე ქვეყანა მუდმივად უნდა იყოს ჩართული აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობაში რათა მიიღოს უფრო დიდი სამხედრო დახმარება და გააძლიეროს იმ სახელმწიფოების პოზიციები, რომლებიც მხარს უჭერენ ნატოს ფლოტის მუდმივ განთავსებას შავ ზღვაზე. საქართველომ და უკრაინამ ასევე უნდა მოსინჯონ ამერიკასთან სამხედრო მრეწველობაში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამასთან, მათ უნდა იმუშაონ დასავლელ პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე ეფექტიანი სანქციებით. ბოლოს, მნიშვნელოვანია რომ საქართველომ და უკრაინამ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რეგიონული ინტეგრაციის პროექტებში, რომლებიც ორ ქვეყანას ევროპასთან უფრო აახლოებს.

აღსანიშნავია, რომ მოცემული პოლიტიკის მიმართულებებიდან ნებისმიერის წარმატება საქართველოსა და უკრაინის შეთანხმებულ, პრო-დასავულ საგარეო პოლიტიკურ კურსზეა დამოკიდებული. გასული წლების განმავლობაში, პერიოდულად, ორ ქვეყანაში განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსი დომინირებდა და დასავლეთისკენ სწრაფვის ტემპი ერთმანეთს აცდენილი იყო. დასავლეთთან დაახლოებისთვის აქტიური კურსის შენარჩუნება და მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა დიდწილად განსაზღვრავს მოცემული პოლიტიკის სიცოცხლისუნარიანობას.

სამხედრო დახმარების ზრდის ლობირება

საქართველომ და უკრაინამ აქტიურად უნდა იმუშაონ ამერიკასთან რათა მიიღონ უფრო დიდი სამხედრო დახმარება, რომელიც რუსეთისთვის შავ ზღვაზე აგრესიული ქმედებების ფასს გაზრდის. რუსეთმა კარგად იცის რომ აგრესიული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ დიდ დანაკარგებს არ მოიტანს. არც ერთი ქვეყანა ნატოს წევრი არ არის და არ აქვს საკმარისი სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობა რომ რუსეთს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს. საქართველოს და უკრაინის მიერ სამხედრო დახმარების მიღება რუსეთს აგრესიული ქმედებების ფასს გაუზრდის. როგორც ავტორი მაიკლ კარპენტერი წერს, შავი ზვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახმელეთო გემსაწინააღმდეგო რაკეტები, რადარები და სადაზვერვო აღჭურვილობა შეტევითი ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის, მაგრამ “ძლიერ მესიჯს უგზავნის რუსეთს რომ მის ქმედებებს შედეგები მოყვება.”

შავ ზღვაზე სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგების ლობირება

საქართველო და უკრაინა უნდა შეუერთდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამერიკის თაოსნობით ნატოს შავი ზღვის სტრატეგიის რეორგანიზებას უჭერენ მხარს. შავი ზღვის საპატრულო მისიის დაარსება მუდმივი და როტაციული სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგების პრინციპით, გააძლიერებს ნატოს პოზიციებს შავ ზღვაზე და რუსეთის აგრესიის საფრთხეს შეამცირებს.

2014 წელს ამერიკამ გაზარდა მისი საომარი ხომალდების შავი ზღვის აკვატორიაში ვიზიტების სიხშირე. ამერიკულმა გემებმა მოცემულ რეგიონში ჯამში 200 დღეზე მეტი გაატარეს. თუმცა, მას შემდეგ ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, როგორც ქერჩის ინციდენტი გვიჩვენებს, რუსეთი ვერც იმან შეაჩერა რომ ნატოს სამხედრო ხომალდებმა, გასულ წელს, შავ ზღვაში 80-ის ნაცვლად 120 დღე დაჰყვეს. შესაბამისად, ნატოს საზღვაო ძალების მუდმივი დისლოკაცია შავ ზღვაზე ბევრად უფრო ეფექტიანი შემაკავებელი იქნება რუსეთისთვის ვიდრე სამხედრო გემების ინციდენტების შემდეგ გაგზავნის პრაქტიკა.

წყარო: Bosphorus Naval News, https://turkishnavy.net (ბოლო ნახვა 2019 წლის  2 თებერვალი)

თუმცა, ამჟამად შავ ზღვაზე ნატოს მუდმივ განლაგებას მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს დაწესებული. მონტროს კონვენცია მკაცრად არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში იმ სახელმწიფოების გემების ტრანზიტს და მათ განლაგებას შავ ზღვაში, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ. იმ სამხედრო გემებს, რომლებიც შავიზღვისპირა ქვეყნებს არ მიეკუთვნებიან ერთჯერადად მხოლოდ 21 დღე შეუძლიათ დაჰყონ შავ ზღვაში და მათ შორის 30,000 ტონიან ცხრა სამხედრო გემზე მეტის ერთდროულად გაჩერება არ არის დაშვებული. რუმინეთი დიდი ხანია ითხოვს ნატოს შავი ზღვის მუდმივი ფლოტილიის შექმნას, მაგრამ არსებული პირობებით, საჭირო იქნება იმ სამხედრო გემების მუდმივი როტაცია რომლებიც ბულგარეთს, რუმინეთს ან თურქეთს არ ეკუთვნის.

სტამბოლის არხის პროექტი ის ნიშანდობლივი წამოწყებაა, რომელიც შეიძლება ამ შეზღუდვების შემოვლითი გზა გახდეს. თურქეთის  ხელისუფლება ბოსფორის სრუტის პარალელურად, სტამბულის ჩრლდილოეთ ნაწილში 45 კილომეტრიანი არხის გაყვანას გეგმავს, რომელიც ბოსფორის სრუტის ალტერნატივა იქნება და შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს. უმნიშვნელოვანესია თურქეთთან პროაქტიულად თანამშრომლობა, რათა მოხდეს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც შავ ზღვაში ნატოს გემებზე რაოდენობის, ტონაჟის და გაჩერების ხანგრძლივობის შეზღუდვას მოხსნის.

შეიარაღების სისტემების ერთობლივი წარმოებისთვის შესაძლებლობების მოძიება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ამერიკასთან შეიარაღების სისტემების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობების მოძიებაა. ეს გააუმჯობესებს ნატოსთან ურთიერთქმედების ხარისხს, შექმნის ამერიკასთან დაახლოების დამატებით საშუალებებს და ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების ათვისებას. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანის ყოფილი მრჩეველი და ჯონს ჰოპკინსის ყოფილი ასოცირებული პროფესორი იაკუბ გრიგიელი წერს, ამერიკასთან ამ ტიპის სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობისთვის სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ ლიცენზირებული წარმოება, ერთობლივი წარმოება ან სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობა. შედეგად, შესაძლებელია საქართველო და უკრაინა იმ სახელმწიფოთა რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებიც დიდი სამხედრო პლათფორმების წარმოების პროცესში ინტეგრირებული ქსელის მიმწოდებლები არიან. როგორც გრიგიელი წერს, ამერიკის სამთავრობო რეგულაციები და სამხედრო-ტექნოლოგიური საიდუმლოების გამჟღავნების თავიდან არიდების სურვილი ამერიკასთან მსგავს თანამშრომლობას მეტად რთულად მისაღწევს ხდის, მაგრამ საკმარისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

უკრაინა უკვე ფლობს მსხვილ სამხედრო ინდუსტრიას. თუ ქვეყანა საფუძვლიან რეფორმებს განახორციელებს იგი შეძლებს ძალისხმევა ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისკენ მიმართოს და დასავლური ინვესტიციები მოიზიდოს. საქართველოს მსგავსი მასშტაბის წარმოება არ აქვს, მაგრამ ქვეყანაში ფუნქციონირებს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა,” რომელიც აწარმოებს ჯავშანმანქანებს, სპეციალური დანიშნულების პერსონალური დაცვის საშუალებებს და საქმოქალაქო დანიშნულების პროდუქციას. წარსულში, საქართველო განიხილავდა სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს თურქეთთან და ისრაელთან. ამერიკასთან მსგავსი თანამშრომლობის შესაძლებლობების მოსინჯვა შემდეგ ნაბიჯად შეიძლება იქცეს.

სანქციების გამკაცრების ლობირება

ამერიკის წარმომადგენლობითმა პალატამ ახლახანს მიიღო კანონი, რომელიც სანქციებს უწესებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. ეს მისასალმებელი ნაბიჯია და საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელოვან მესიჯს წარმოადგენს.

კარგად შერჩეულ სანქციებს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პოზიტიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. სანქციები რუსეთისთვის გაზრდის აგრესიული ქმედებების ფასს მის სამეზობლოში და რუსეთს ცხადად დაანახებს კიდევ უფრო დიდი ზიანის საფრთხეს თუ ის შავ ზღვაში საზღვრების ცვლილებას ეცდება. საქართველომ და უკრაინამ აქტიურად უნდა იმუშაონ დასავლელ პარტნიორებთან, რათა დასავლეთმა მხარი დაუჭიროს ისეთ სანქციებს რომლებსაც რუსეთის ხელმძღვანელობისა და ეკონომიკისთვის რეალური ზიანის მოტანა შეუძლია. ეს სანქციები შეიძლება მოიცავდეს წამყვანი რუსული ბანკების აქტივების გაყინვას, რუსეთისთვის ახალი სუვერენული სესხის გაცემის აკრგძალვას და რუსეთის ყველა სახელმწიფო საწარმოსთვის ახალი სასესხო დაფინანსების აკრძალვას.

საქართველომ და უკრაინამ უნდა იმუშაონ რათა ევროკავშირმა და ამერიკამ განავრცონ ტექნოლოგიური შეზღუდვები რუსეთისთვის სამომავლოდ ნავთობის მოპოვების პროცესში პრობლემების შესაქმნელად. ამასთან, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დასავლურ ბაზრებზე რუსული ინვესტიციებისთვის ლეგალური გზების ჩასაკეტად, დასავლეთი პუტინის უახლოეს გარემოცვას უნდა დაუპირისპირდეს.

რეგიონული ინტეგრაციის პროექტებში აქტიური ჩართულობა

ბოლოს, საქართველო და უკრაინია უნდა ეცადნონ მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეთ შავი ზღვის სახელმწიფოებთან და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა იმ ახალ ფორუმებში, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პრობლემებზე და განვითარების პერსპექტივებზე ფოკუსირდება.

ერთ-ერთი ასეთი ფორუმი სამი ზღვის ინიციატივაა, რომელიც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების რკალში მოქცეული სახელმწიფოების სავაჭრო, ენერგო და ციფრული კავშირგაბმულობის პროექტებით დასაახლოვებლად შეიქმნა. შავ ზღვაზე სტაბილურობის შენარჩუნება მსგავსი პროექტების წარმატებით განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ ეკონომიკურ პროექტებს რუსეთის გავლენის შემცირება შეუძლია. 2018 წელს ბუქარესტში გამართულ სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვეთმა და თურქეთმა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ეს ჩართულობა უნდა გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს.

კომენტარები