დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია ტაბულას ინფორმაციაზე: ცხადი იყო, გუშინ რა ფონიც ახლდა იმ გადაწყვეტილებას

ტაბულა

ეკა ბესელია კონკრეტულად არაფერს ამბობს ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, უმრავლესობის წევრებმა პარტიის ხელმძღვანელობისგან მიიღეს მესიჯი, არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისთვის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადატანის შესახებ. 

თუმცა, მისი თქმით, "ცხადი იყო, გუშინ რა ფონიც ახლდა იმ გადაწყვეტილებას".

"ეს არ არის ახალი ამბავი. საჯაროდ გაკეთდა პოლიტიკური განცხადება. პირად ჯგუფებში გავრცელებულ გზავნილებზე არ ვსაუბრობ საჯაროდ. ცხადი იყო, გუშინ რა ფონიც ახლდა იმ გადაწყვეტილებას", - თქვა ეკა ბესელიამ ტაბულასთან. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ნუკრი ქანთარიამ და მამუკა მდინარაძემ დაადასტურეს, რომ პარტიის ხელმძღვანელობისგან მსგავსი შინაარსის მესიჯი მიიღეს. 

ბესელიას და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ დღეს ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ეკა ბესელია და კიდევ 8 დეპუტატი ითხოვდა, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე გადადებულიყო. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებდა: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე, ასევე, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.

გუშინდელ სხდომაზე ოცნების დეპუტატებმა ნუკრი ქანთარიამ და ზაზა პაპუაშვილმაც თქვეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ. 

კომენტარები