ვენესუელა

ვენესუელა-კოლუმბიის საზღვრის ორივე მხარეს კონცერტები გაიმართება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

დღეს ვენესუელასა და კოლუმბიას შორის საზღვართან ორი კონცერტი გაიმართება.

კოლუმბიის მხარეს, სასაზღვრო ქალაქ კუკუტაში ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრანსონის მხარდაჭერით ვენესუელის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება, რომელზე დასწრებაც უფასო იქნება და 35 არტისტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ალეხანდრო სანცი, ლუის ფონსი და კარლოს ვივესი. კონცერტის მიზანია ვენესუელისათვის საკვებითა და მედიკამენტებით დასახმარებლად 100 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვონ. 

თუმცა, ამავდროულად, ნიკოლას მადუროს რეჟიმის ვენესუელის მხარეს, კუკუტასან ახლოს, ტიენდიტასის და სიმონ ბოლივარის სასაზღვრო ხიდებთან ორი შოუს გამართვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადუროს თქმით კოლუმბიასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას განიხილავს. კოლუმბიის საზღვარზე არსებული ერთ-ერთი პუნქტი, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ხიდი უკვე ჩაკეტილია, რათა ამერიკული და კოლუმბიური ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაებლოკათ. საზღვაო და საჰაერო საზღვარი დაკეტილია კუნძულ კიურასაოსთან, რომელიც აშშ-დან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას და ვენესუელაში გაგზავნას დათანხმდა, ხოლო გუშინ მადუროს რეჟიმმა ბრაზილიის საზღვარიც ჩაკეტა.

ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო თანმხლებებთან ერთად კოლუმბიის საზღვარზე გაემართა. გუაიდოს თქმით საზღვრის ჩაკეტვის მიუხედავად მის მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში საკვების და მედიკამენტების შეტანას შეძლებენ.

ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ,კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევეევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა,ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე.ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტურიძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები