დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

დათუნაშვილი: გეგეშიძემ სხდომაზე ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე ასეთი პრეზიდენტი არ მინდა

0 კომენტარი

მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი ამბობს, რომ პრეზიდიუმის დახურულ სხდომაზე, რომელიც დათუნაშვილის მხარდამჭერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ, მას ბოდიში მოუხადა. თუმცა, დათუნაშვილის მოთხოვნა უცვლელია, ის გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობს, რომ თავად დატოვებს ფედერაციას. 

"მძიმე არჩევანის წინაშე დამაყენა ამ ხალხმა. მათ გადაწყვიტეს, რომ ასეთი პრეზიდენტი უნდათ და მე ვუთხარი, რომ მე არ მინდა ასეთი პრეზიდენტი. თქვენ თუ გინდათ, გყავდეთ და ჩემი კარიერის გადასარჩენად მე ერთი გზა მაქვს, რომ წავიდე სხვა ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. ვუთხარი კიდეც, რომ თუ მომცემთ ამის ნებართვას, მომეცით, თუ არ მომცემთ - დამბლოკეთ, ამისთვისაც მზად ვარ ჩემი სიმართლისთვის,"- თქვა ზურა დათუნაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას. 

გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ ის არ არის მომხრე, რომ ქართველი მოჭიდავე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს საასპარეზოდ, რაზეც დათუნაშვილი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში მას შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნან. 

"მხოლოდ მათ არ ეხებათ ჩემი წასვლის საკითხი. პარლამენტსა და სპორტის სამინისტროში უნდა იკითხონ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ. გეგეშიძემ მოიხადა ბოდიში. მოიხადოს, კაცო, გასაგებია. ის თანახმაა, რომ მე გავაგრძელო ჭიდაობა ფედერაციის სახელით, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი მორჩება, მე ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდები, რა პრობლემების წინაშეც მანამდე ვიყავი. დაახლოებით, ვიცოდი, რომ პრეზიდიუმის სხდომა ასე წარიმართებოდა,"- ამბობს დათუნაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დახურულ სხდომაზე დათუნაშვილიც შეიყვანეს, რომელსაც გეგეშიძემ კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში. პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ გეგეშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჭიდაობის თემაზე მოჭიდავეებმა უნდა იმსჯელონ და არა - ჟურნალისტებმა. 

"კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს არამხოლოდ დათუნაშვილს, არამედ საზოგადოებას და გულშემატკივრებს ჩემი და არამარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და არა ჟურნალისტებმა, ბოდიში, ცუდად არ გამიგოთ. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, ჩვენ თუ რამე გავაფუჭეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა. მე დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან ახლა, პირადული მოხდა, თუ რაც მოხდა, ამას გვერდით ვდებ. მე როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით,"- თქვა გეგეშიძემ. 

11 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები