მსხვერპლშეწირვა

რუსეთში შამანებმა "რუსეთისა და მისი ხალხის გაძლიერებისთვის" 5 აქლემი მსხვერპლად შესწირეს

KIRILL KUKHMAR / TASS

ბიბისის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ირკუტსკის რაიონის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რიტუალის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, შამანებმა 5 აქლემი დაწვეს და მსხვერპლად შესწირეს "რუსეთისა და მისი ხალხის გაძლიერებას". გასაიდუმლოებულმა და სასტიკმა შემთხვევამ სოციალურ ქსელში დიდი ხმაური გამოიწვია. 

ყველაფერი ვიდეორგოლით დაიწყო, რომელიც YouTube-ზე 1 თებერვალს გამოვლინდა. ჩანაწერებში ჩანს, როგორ მიჰყავთ შამანებს აქლემები სასაკლაოზე, შემდეგ კი კადრში დიდი კოცონი ჩანს, რომელშიც ცხოველებს წვავენ. შამანი არტურ ციბიკოვი, რომელიც მსხვერპლშეწირვის ორგანიზატორია, განმარტავს, რომ ბურიატებისთვის აქლემი უზენაესი ცხოველია. 

ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია, რომ აქლემი "განსაკუთრებული მსხვერპლია განსაკუთრებული მიზნებით, რომლის მსხვერპლშეწირვაც მხოლოდ უმაღლესი რანგის შამანებს შეუძლიათ". 

ვიდეორგოლმა თავდაპირველად ადგილობრივი, შემდეგ კი ქვეყნის ნაციონალური მედიების ყურადღება მიიპყრო. ვიდეოს ქვეშ არაერთი გაღიზიანებული მაყურებლის კომენტარი გაჩნდა. 22 თებერვალს სახელმწიფო დუმაში ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ბურმატოვამ, განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ორგანიზატორების მიმართ ბრალი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით უნდა წარედგინათ. 

ვიდეოჩანაწერს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ასევე სხვადასხვა შამანური გაერთიანების წარმომადგენლების მიერაც. ერთერთი გაერთიანება ამ რიტუალს ბარბაროსობას უწოდებს. 

"ჩვენ სრულად ვემიჯნებით ყველა იმ რიტუალს, რომელიც ცხოველებსა და ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფენ. აქლემი ბურიატებისთვის წმინდა ცხოველად ითვლება, მას არასდროს ვწირავთ მსხვერპლად. ეს ნეოშამანიზმია, ისინი ყველა კანონს არღვევენ," - აცხადებს ორგანიზაცია. 

მსხვერპლშეწირვის მთავარი ორგანიზატორი არტურ ციბიკოვი Interfax-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი მსხვერპლშეწირვა აქლემების მონაწილეობით 300 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა. 

"ახალ თაობაში ბევრმა არცკი იცის ასეთი მსხვერპლშეწირვის შესახებ, რადგანაც ის ძალიან იშვიათია. ჩვენ შედეგს უკვე მივაღწიეთ - ხალხი ვიდეოს ყურებითა და კომენტარების წერით ნეგატივისგან იცლება, ჩვენ კი ამ ნეგატივს ვიღებთ, რითიც სწორედ უფრო მეტად ვაბედნიერებთ ადამიანებს,"- ამბობს ციბიკოვი. 

გამოცემა კომერსანტს მან უთხრა, რომ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობა, დაახლოებით, 500-მა ადამიანმა მიიღო. ის რელიგიური ცენტრის "მუდმივად უფრო ლურჯი ცა" ტერიტორიაზე 27 იანვარს ჩატარდა. 

ამასთან, მან დაამატა, რომ ცხოველები ცოცხლად არ შეუწვავთ - თავდაპირველად ისინი მოკლეს. 

"რამზან კადიროვი 5 აქლმებს ყოველწლიურად წვავს, მის მიმართ არავის აქვს პრეტენზია,"- ამბობს ციბიკოვი. 

ის ამბობს, რომ უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში, ჩვენებაც მისცა მსხვერპლშეწირვის შესახებ და ახლა მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სახის სასჯელი.

კომენტარები