დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

დათუნაშვილი: თუ გეგეშიძე ფედერაციას ჩამოსცილდება, ქვეყნიდან წასვლას აზრადაც არ გავივლებ

ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშივლმა ჭიდაობის ფედერაციაში გამართული პრეზიდიუმის სხდომის შესახებ ვრცლად იუსაბრა

მან ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა. 

მოჭიდავე წერს, რომ შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან არ განხილულა არც 11 იანვარს მომხდარი შემთხვევა და არც გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი და 2 საათი დაეთმო მცდელობას, შერიგებოდა ფედერაციის პრეზიდენტს. 

"ორი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დარწმუნება, რომ შევრიგებულიყავი ფედერაციის პრეზიდენტთან. ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია, მივიღებდი. მე ასევე მივიღებდი ბოდიშს ინცინდენტის შემდეგვე, თუნდაც მეორე-მესამე დღეს, თუმცა, ის არათუ ნანობდა რამეს, არამედ მას შემდეგაც, რაც საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, კვლავ უარყოფდა. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი დღევანდელი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებისთვისაა ნათქვამი და ცინიკურია.". 

დათუნაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ გეგა გეგეშიძე არ გადადგება, ის ქვეყნიდან წავა მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა დისკვალიფიკაციას.

"პრეზიდიუმის სხდომაზე ცალსახად აღვნიშნე, რომ მე ასეთ პრეზიდენტთან მუშაობა არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ - გყავდეთ, მაშინ მე წავალ ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, მომეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ.

ანუ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

ამ თემის წამოწევით, ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე მსურს ქვეყნიდან წასვლა, რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას მე სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ.

მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას - წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ", - წერს დათუნაშვილი. 

ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს, დათუნაშვილის მხარდამჭერი აქციის ფონზე გაიმართა. სხდომაზე გეგეშიძემ დათუნაშვილს კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში, თუმცა, დათუნაშვილი ბოდიშს არ იღებს. 

11 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. 

კომენტარები