მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ ვენესუელის საზღვრები ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან ჩაკეტა, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება არ შემოვიდეს, სისხლიანი შეტაკებები იყო.
ჯარისკაცებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სხვადასხვა ჰუმანიტარული საქონლის გადმოტანა სცადა.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეტაკებების დროს, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა.
ვენესუელის ოპოზიციას სურს, ეკონომიკური კრიზისის დროს მოსახლეობას დახმარება გაუწიოს, მაგრამ მადურო ამბობს, რომ ეს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოქალაქეების მიმართ თავდასხმა დაგმო და ამაში მან "მადუროს ძალადობრივი ჯგუფები" დაადანაშაულა.
"ჩვენი ღრმა თანაგრძნობა იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ამ დანაშაულებრივი ქმედების დროს დაიღუპნენ. ჩვენ ვუერთდებით მათ მოთხოვნას სამართლიანობის შესახებ", - დაწერა პომპეომ ტვიტერზე.
მისივე თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილის დაწვას გულისამრევი უწოდა.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ, რომელიც თავის თავს "გარდამავალ პრეზიდენტს" უწოდებს და რომელმაც ორგანიზება გაუწია ჰუმანიტარული ტვირთის ქვეყანაში შემოტანას, ჩადენილი ქმედებები დაგმო.
გუაიდო, რომელიც ათობით ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად აღიარა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს ორშაბათს ბოგოტაში, კოლუმბიის დედაქალაქში შეხვდება. გუაიდო ვენესუელის საზღვრებს დატოვებს, მიუხედავად მადუროს მიერ დაწესებული აკრძალვებისა.
ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.
2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.
ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.
გაეროს ინფორმაციით, 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.