აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დღეები დათვლილია.
"ზუსტი თარიღის თქმა რთულია. დარწმუნებული ვარ ვენესუელელი ხალხი უზრუნველყოფს, რომ მადუროს მმართველობის დღეები დათვლილი იყოს." - უთხრა პომპეომ CNN-ს.
შაბათს ვენესუელის ოპოზიციამ სცადა მშვიდობიანად შემოეტანა ჰუმანიტარული დახმარება ბრაზილიის და კოლუმბიის საზღვრებიდან. ამის საპასუხოდ, მადურომ ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა. ვენესუელელი მოქალაქეების მცდელობა, საკვები და წამლები მოეპოვებინათ, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამხედროებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებებში ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გაიდომ განაცხადა, რომ მადურო უნდა გადადგეს. გუაიდომ გასულ თვეში საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, მას პრეზიდენტად 50-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს, საქართველოს ჩათვლით.
მადუროს მოკავშირეები რუსეთი, ჩინეთი და კუბა არიან. მისი თქმით, უცხოეთიდან შემოსული ჰუმანიტარული დახმარება აშშ-ს სამხედრო ინტერვენციას გაუადვილებს.
სახელმწიფო მდივანმა პომპეომ Twitter-ზე მადუროს ავადმყოფი ტირანი უწოდა.
"ჩვენ ვგმობთ მადუროს უარს, შეუშვას ჰუმანიტარული დახმარება ქვეყანაში. როგორი ავადმყოფი ტირანი უნდა იყო, რომ ეწინააღმდეგებოდე საკვების მიტანას მშიერ ადამიანებამდე? ჰუმანიტარული დახმარებით სავსე დამწვარი სატვირთოების ფოტოები გულისამრევია." - წერს პომპეო.