ბრექსითი

ტერეზა მეის თქმით პარლამენტი ბრექსითის შეთანხმებას კენჭს 12 მარტამდე უყრის

ტერეზა მეი
AP

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით პარლამენტი ბრექსითის შეთანხმებას კენჭს 12 მარტამდე უყრის.

მან ამის შესახებ ეგვიპტეში, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების ლიგის სამიტზე ვიზიტისას ისაუბრა.

ტერეზა მეი იემენის ომისაგან დაზარალებულებს 200 მილიონი ფუნტის დახმარებასაც დაჰპირდა და სამოქალაქო ომის და კრიზისის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ტერეზა მეიმ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება გამორიცხა და თქვა, რომ ევროკავშირთან პოზიტიური მოლაპარაკებები გრძელდება და ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.

მეი ეგვიპტიდან ბრიუსელში ხვალ დაბრუნდება და მოლაპარაკებებს გააგრძელებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა ე.წ. "ბექსთოფის" გადახედვას, მოლაპარაკებები ბრექსითის შეთანხმებაში ამ პუნტის თაობაზე კვლავ გრძელდება.

ბრიტანეთის პარლამენტმა არსებულ შეთანხმებაში ე.წ. ბექსტოპის ჩანაცვლებას მხარი 317-ით 301-ის წინააღმდეგ დაუჭირა. არსებული შეთანხმების მიხედვით გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში და ვერ დატოვებდა მას მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლის, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნება. გარდა ამისა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა.

დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა განიხილოს ბრიტანეთის "დასაბუთებული თხოვნა" ევროკავშირიდან გასვლის ვადის გახანგრძლივებაზე, თუმცა ბრიტანეთს მსგავსი თხოვნით ჯერ არ მიუმართავს. პარლამენტში ვადის გადადებასთან დაკავშირებული პროექტი ჩავარდა.

იმ შემთხვევაში, თუ გასვლის თაობაზე შეთანხმებას დადგენილ ვადამდე, 29 მარტამდე ვერ მიაღწევენ, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, რაც როგორც ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში ყველაზე არასასურველ სცენარად მიაჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

კომენტარები