საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ელჩი აშშ-ში დანიშნა

ESPN

საუდის არაბეთმა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ელჩი დანიშნა. პრინცესა რიმა ბინთ ბანდარ ალ საუდი აშშ-ში სამეფოს ელჩის პოსტს დაიკავებს.

ის საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიდანაა და ამ პოსტზე სამეფოს ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის უმცროს ძმას, პრინც ხალის ბინ სალმან ბინ აბდულაზიზს ჩაანაცვლებს.

პრინცესა რიმა 1975-დან 2005 წლამდე ვაშინგტონში ცხოვრობდა, როდესაც მისი მამა, ბანდარ ბინ სულთან ალ საუდი აშშ-ში ელჩად იყო მივლინებული. ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. უკანასკნელ წლებში ის საუდის არაბეთის სპორტის სამინისტროში მუშაობდა და სპორტში ქალების ჩართულობის აქტიური მხარდამჭერი იყო.

პრინცესა რიმა აქებდა პრინც მუჰამედ ბინ სალმანის გატარებულ რეფორმებს, განსაკუთრებით კი ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების მინიჭებას.

გავრცელებული ინფორმაციით ამ პოსტზე პრინცესას დანიშვნა საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გახმაურებულ საქმემდე მოხდა, თუმცა ამის მიუხედავად, პრინცესა პოსტის დაკავებას მაინც აპირებს.

ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლებას და სამეფო ოჯახს აკრიტიკებდა. ის ბოლო ერთი წელი აშშ-ში ცხოვრობდა და Washington Post-ისთვის მუშაობდა. 

ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გასული წლის 2 ოქტომბერს მოკლეს. საუდის არაბეთმა მკვლელობასთან კავშირის გამო 21 პირი დააკავა, 11-ს ბრალად უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობა ედება, მათგან 5-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება. თანამდებობიდან გაათავისუფლეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლებიც, თუმცა სამეფო ოჯახი მკვლელობასთან კავშირს ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის და მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები