სპაიკ ლიმ "მწვანე წიგნის" გამარჯვების შემდეგ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება სცადა

სპაიკ ლი
pitchfork

Associated Press-ის ჟურნალისტების მიხედვით ამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ 2019 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულად ფილმ "მწვანე წიგნის" გამოცხადების შემდეგ დარბაზის დატოვება სცადა.

მათი თქმით ის გაბრაზებული ჩანდა და გასასვლელისაკენ მიდიოდა, თუმცა თეატრის თანამშრომლებმა გააჩერეს და დარბაზში დააბრუნეს.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სპაიკ ლის "შავი კუ კლუქს კლანელიც" იყო ნომინირებული. აღსანიშნავია, რომ სპაიკ ლის კიდევ ერთი ფილმი "Do the Right Thing" 1990 წელს ამავე კატეგორიაში ფილმ "Driving Miss Daisy"-სთან დამარცხდა. ორივე ფილმში მოქმედება მანქანაში ხდება, ორი მთავარი პერსონაჟის გარშემო და რასიზმის თემატიკას ეხება.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ლიმ თქვა:

"თითქოს გველმა მიკბინა. ყველა ჯერზე, როდესაც ვიღაცას მანქანით მიჰყავს ვინმე, მე ვაგებ. თუმცა ისინი მანქანაში სკამებს ცვლიან."

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რას ფიქრობს "მწვანე წიგნის" გამარჯვებაზე რეჟისორმა არ უპასუხა: "შემდეგი შეკითხვა!"- თქვა მან.

საბოლოოდ კი აღნიშნა: "მიუხედავად იმისა, მოვიგეთ თუ არა საუკეთესო ფილმის კატეგორია, ეს ფილმი დროის გამოცდას გაუძლებს, რადგან ისტორიის სწორ მხარესაა."

სპაიკ ლიმ საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის ოსკარი მიიღო. ეს მისთვის პირველი ოსკარია.

კომენტარები