საპარლამენტო უმცირესობა

კაპანაძე: ევროპულ საქართველოს უმცირესობის სტატუსი ექნება თუ არა, პროცედურული საკითხია

სერგი კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველო საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის დაკარგვის შემთხვევაშიც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას პარლამენტში. რაც შეეხება, ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ფორმატში შესაძლო გაერთიანებას, კაპანაძე ამბობს, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"არანაირი კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს და დღის წესრიგში არ დგას, თუმცა კონსულტაციები თეორიულად ბუნებრივია შესაძლებელია. მთავარი არის სხვა რამე, უმცირესობა ექნება თუ არა ევროპულ საქართველოს პარლამენტში არ არის მნიშვნელოვანი საკითხი. თუ უმცირესობას იმიტომ დაკარგავს ევროპული საქართველო, რომ უმრავლესობა იშლება და იქედან დეპუტატები გამოდიან და ქართული ოცნება სუსტდება, არანაირი პრობლემა ჩვენთვის უმცირესობის არქონა არ არის. ჩვენ გვაქვს სამი ფრაქცია და ისევ გვექნება. სალაპარაკო დრო იქნება თუ სამუშაო გრაფიკი, თუ სხვა, არანაირად არ შეიცვლება. ეს უმნიშვნელო საკითხია ჩვენი აზრით. ეს არის პროცედურული საკითხი, სტატუსი ექნება თუ არა ევროპულ საქართველოს უმცირესობის, იმდენად უმნიშვნელო საკითხია," - ამბობს სერგი კაპანაძე.

ქართული ოცნების 115 დეპუტატიდან ოთხმა უმრავლესობა უკვე დატოვა, თუ კიდევ სამი დეპუტატი ოპოზიციაში გადავა, მაშინ ევროპული საქართველო, რომელსაც პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს დაკარგავს. 

ამ დროისათვის ქართულ ოცნებას 111 დეპუტატი ჰყავს, 20 ევროპულ საქართელოს, ენმ-ს 6, 5 - პატრიოტთა ალიანსს. გარდა ამ დეპუტატებისა, უმრავლესობის მიღმა არიან შემდეგი დეპუტატები, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ნატო ჩხეიძე, დავით ჭიჭინაძე. პარლამენტში სულ ამ დროისათვის 149 დეპუტატია, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის მაჟორიტარის ადგილი საკანონმდებლო ორგანოში თავისუფალია. 

საპარლამენტო უმცირესობა იქმნება ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით, ამ დროისათვის ოპოზიციაში, ევროპული საქართველოს 20 დეპუტატის გარდა, კიდევ 18 პარლამენტარია, თუ სამი ადამიანი კიდევ გადავა უმრავლესობიდან ოპოზიციაში, ევროპული საქართველოს უმცირესობის სტატუსს დაკარგავს. 

კომენტარები